ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენებას აშკარა ესკალაციას უწოდებს და სოციალურ ქსელ იქსზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ეს ფაქტი ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს.
„პუტინს მშვიდობა არ სურს, რუსეთის პასუხი დიპლომატიაზე მეტი რაკეტა და განადგურებაა.
ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის მარაგებში და ახლავე იმოქმედონ. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ამ ომის ფასი მოსკოვისთვის, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით“, – წერს კაია კალასი.
კიევზე გასულ ღამეს მიტანილი იერიშის შემდეგ, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, რუსეთმა უკრაინაზე „ორეშნიკით“ შეტევა დაადასტურა.
ეს რუსეთის ექსპერიმენტული, გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „პასუხი“ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო.
შეგახსენებთ, რომ რეზიდენციაზე თავდასხმა უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.



















