რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები – აშშ-ის კონგრესში მომზადებული ანგარიში განიხილეს

შეერთებული შტატების კონგრესში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მომზადებული ახალი ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი, ცნობილი ექსპერტი და გაყინულ კონფლიქტებზე მომზადებული არა ერთი კვლევის ავტორი, ანია გრიგასია.
გრიგასის ანგარიშში ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საფრთხეა ხაზგასმული. ანგარიშში შესულია რეკომენდაციები ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების და კონგრესის მიმართ.
“პრეცენდენტის არარსებობის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ ათწლეულების იზოლაციისა და უმძიმესი პირობების შემდეგ, რაც გაყინული კონფლიქტების ტერიტორიებისთვის დამახასიათებელია, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ასევე შესაძლოა, ლუგანსკი და დონეცკიც კი, ინტეგრირდნენ რუსეთის ფედერაციაში. ეს პროცესები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უკვე მიმდინარეობს,“ – ნათქვამია ანგარიშში.
თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ანგარიშის ავტორმაც, რომელმაც ღიად აღნიშნა, რომ ტერიტორიები თანდათან უფრო მეტად იზოლირებული ხდება.
„მე ხალხს ვესაუბრე ამ რეგიონებში. იზოლირებულები არიან საერთაშორისო თანამეგობრობისგან და მთლიანად არიან დამოკიდებული რუსეთზე,“ – აღნიშნა ანია გრიგასიმ.
ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს სანქციები ყირიმის ოკუპაციისთვის დაუწესეს. წინა კონფლიქტების გამო კი მოსკოვმა უმნიშვნელო საპასუხო რეაქცია მიიღო.
„2014 წლიდან ვაშინგტონის პოლიტიკის განვითარების გათვალისწინებით, ამერიკის მთავრობას შესაძლოა დასჭირდეს, ხელახლა გადახედოს მოსკოვის ახლანდელ როლს დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებში და გადააფასოს შესაბამისი საპასუხო პოლიტიკა. გარდა ამისა, გაყინული კონფლიქტების განვითარების გამოკვლევა და რუსეთის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების შექმნის გაგრძელება უჩვენებს, რომ ამერიკის მთავრობის წინა საპასუხო მიდგომები ამ კონფლიქტების მიმართ, არ იყო საკმარისი შემდგომი აგრესიის შესაკავებლად და ისინიც საჭიროებენ გადახედვას,“ – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში”საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება ნატო-ში არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა”
შემდეგი სტატიაპირველი ვიდეომასალა მარტვილიდან