რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ოლეგ სალაგაი დანიაში არ შეუშვეს. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კონფერენციაზე მიდიოდა.
“ღონისძიებას სახელმწიფო მდივანი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სალაგაი უნდა დასწრებოდა. თუმცა მას კასტრუპის აეროპორტში დანიაში შესვლაზე უარი ეთქვა”, – წერს დანიაში რუსეთის საელჩო Telegram-ზე.
რუსეთის საელჩო მომხდარს გმობს და დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
WHO-ს კონფერენცია თემაზე “ჯანდაცვაში ქცევითი და კულტურული შეხედულებები ჯანდაცვაში” კოპენჰაგენში 12-14 სექტემბერს იმართება.
სავარაუდოდ, დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიურ დაპირისპირებას უკავშირდება. რუსეთის საელჩომ 29 ოქტომბრამდე საელჩოს პერსონალი 5 თანამშრომლამდე უნდა შეამციროს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კრემლმა არაერთხელ წარადგინა სავიზო მოთხოვნა კოპენჰაგენში, რათა იქ რუსეთის საელჩო “არადეკლარირებული აგენტებით” ან ჯაშუშებით შეევსო.