რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ოლეგ ტინკოვი და ნიკიტა კუკუშკინი „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა “უცხო ქვეყნის აგენტების” რეესტრი, რომელშიც ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი ჩასვა.

ტინკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ახსნისას უწყებამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენი მონაწილეობდა უცხოური აგენტების მასალების შექმნაში, ავრცელებდა „არაზუსტ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ და ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში. .

სიაში ასევე მოხვდნენ მსახიობი ნიკიტა კუკუშკინი, ლიტერატურათმცოდნე ანა ნარინსკაია, ფილოსოფოსი იულია სინეოკაია და უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Center Ichkeria-ს დირექტორი ასლან არცუევი.

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოლეგ ტინკოვმა ომის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. ბიზნესმენმა 2022 წლის ოქტომბერში უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და განაცხადა, რომ „არ სურს ასოცირებული იყოს პუტინის ფაშიზმთან“.

რუსეთში ტინკოვი ფლობდა წილს TCS Group-ში, მაგრამ 2022 წლის აპრილში მან აქტივი მიჰყიდა ვლადიმერ პოტანინს (Interros-ის ჰოლდინგს). ტინკოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა იგი გაეყიდა თავისი წილი “კაპიკებში”. გაყიდვის შემდეგ ტინკოვის ქონება რამდენიმე მილიარდი დოლარიდან 860 მილიონ დოლარამდე დაეცა, წერდა Forbes-ი ნოემბერში.

მიუხედავად ტინკოვის ომის საწინააღმდეგო პოზიციის, 2022 წლის მარტში დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 2023 წლის ივლისში ბრიტანეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიდიდი რეპრესიები რუსეთში – ხალხს ნავალნის გლოვას უშლიან (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – პირდაპირი პარალელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ნავალნის პატიმრობას შორის.