რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში შეიტანა იაპონიაში რეგისტრირებული ჩრდილოეთ ტერიტორიების დაბრუნების კავშირი. სიაში ასევე მოხვდა უკრაინაში რეგისტრირებული ყირიმელი თათრული რესურს ცენტრი და შვეიცარიაში რეგისტრირებული IndustriALL Global Union.
იაპონიის ჩრდილოეთი ტერიტორიებია კურილის ჯაჭვის სამხრეთ ნაწილის კუნძულები – იტურუპი, შიკოტანი, კუნაშირი და ჰაბომაი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სსრკ-ს მიერ იყო ოკუპირებული.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს, ბანკებსა და ბიზნესს და გააუქმა რუსეთის ყველაზე ფავორიტი ერის სავაჭრო სტატუსი. პარალელურად ტოკიომ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
მოგვიანებით, რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში იაპონია დაამატა და განაცხადა, რომ ის ტოვებს დიალოგს იაპონიასთან სამხრეთ კურილის კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დამყარების შესახებ და ბლოკავს იაპონიის, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის პარტნიორის სტატუსის გაგრძელებას.მაშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კაშიდამ რუსეთის ქმედებებს “არაგონივრული და სრულიად მიუღებელი” უწოდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იაპონიამ 2003 წლის შემდეგ პირველად უწოდა კურილის კუნძულებს „არალეგალურად ოკუპირებული“ ტერიტორიები.
სექტემბერში რუსეთმა ასევე შეწყვიტა შეთანხმება იაპონიასთან, რათა ხელი შეუწყოს კურილის კუნძულებზე იაპონიის მოქალაქეების ვიზიტებს, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ კუნძულებზე.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად სსრკ-მ თავის ტერიტორიას შეუერთა სამხრეთ კურილის კუნძულები – იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი. 1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც შიკოტანი და ჰაბომაი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ იაპონიას უნდა გადაეცათ. მაგრამ მომდევნო წლებში იაპონიის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვდა მხოლოდ ყველა კუნძულის დაბრუნებას.
სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი. უკრაინაში ომის გამო ურთიერთობების გამწვავების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა უარი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა აუკრძალა იაპონელ მეზღვაურებს თევზაობა სამხრეთ კურილის კუნძულებთან. ეს უფლება მათ მიენიჭათ 1998 წლის რუსეთ-იაპონიის ხელშეკრულებით, რომელიც რუსულმა მხარემ შეაჩერა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების გადაუხდელობის გამო.
არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს. ქვეყანაში აკრძალულია იმ სტრუქტურების მუშაობა, რომლებსაც ხელისუფლება შეაქვს შესაბამის რეესტრში. არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ისჯება ჯარიმით 500 ათას რუბლამდე, ხოლო განმეორებითი ინციდენტის შემთხვევაში – ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, კანონში ბუნდოვანია ის ფორმულირება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “მონაწილეობა”.