“რუსეთის გაღიზიანების მიზეზი ენერგოუსაფრთხოებაა და არა ის, შეუერთდება თუ არა 3,5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატო-ს”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.

“ნატო-ს გაფართოების მომავალი და ახალი საზღვრები ევროპის უსაფრთხოებაში” – ამ სახელწოდების სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში (ACUS) საჯარო მოხსენებით წარდგა.

კვლევით ორგანიზაციაში გამართულ კონფერენციას აშშ-ის აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“დღეს ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, თუ რა სურს რუსეთს და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი გაღიზიანების, რაც ჩვენი ფუნდამენტური შეცდომა მგონია“, – ამ სიტყვებით დაიწყო ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, არსებული გარემოება ქვეყანას აიძულებს, იცხოვროს სამყაროში, სადაც დომინანტი კვლავ რუსეთის ინტერესები და სურვილები რჩება, სწორედ, ამ ფაქტის გამო აქვს პრობლემები ცივილურ სამყაროს.

„საქმე არ ეხება ნატო-ს გაფართოებას, რაც ჩვენ რუსეთის გაღიზიანების მთავარი მიზეზი გვგონია, არც ის არის განმსაზღვრელი, რას აპირებს ნატო საქართველოსა და უკრაინაში. მიზეზები უფრო შორს და სხვაგან უნდა ვეძებოთ. რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება, საკითხი, რომელზეც დღეს ევროპაში ასე აქტიურად საუბრობენ და, რომელიც ენერგომატარებლების დივერსიფიკაციას ეხება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატო-ს შეუერთდება თუ არა. საქმე სწორედ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაშია, რომელიც ევროპას ალტერნატიული ენერგორესურსებით მომარაგებას ჰპირდება, რუსეთს კი საერთო ენერგომომარაგების სურათს მიღმა ტოვებს. ფუნდამენტური და ფილოსოფიური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც უცხოელ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს საშუალება მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ საქართველო-ნატოს ურთიერთობის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

თინა ხიდაშელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატო-ს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის (ACT) სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ დენის მერსიერთან შეხვედრით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკოს-პატრიარქი დღეს საქართველოში ბრუნდება
შემდეგი სტატიათელ-ავივის ცენტრში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა