უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მღვდელი, მარიუპოლის მახლობლად სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გააძევეს, ის საქართველოში იმყოფება – ინფორმაციას „Україна Православна“ ავრცელებს.
საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოცემას დაუდასტურა დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა.
შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, მადლობა ღმერთს, მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს ბატონ ლუბინეცს – ეს მისი მუშაობის დამსახურებით მოხდა“,- თქვა მან.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მღვდელი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს, მას „უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული დაჯგუფების მხარდაჭერაში, ანტირუსული, ექსტრემისტული ფორმით და ასევე ეროვნულ და რელიგიურ საფუძველზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში“ ადანაშაულებდნენ. შემდეგ ის რუსეთის როსტოვის ოლქში წაიყვანეს.
ავტოკეფალური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ) უკრაინის ორი უდიდესი მართლმადიდებელი ეკლესიიდან ერთ-ერთია, ის ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია (РПЦ) და მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობა მას კანონიკურად არ აღიარებს, ისევე როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (ყოფილი მოსკოვის საპატრიარქო), რომელსაც, თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ადანაშაულებს იმაში რომ სრულად არ გაუწყვეტია კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან.