რუსეთის ჩარევის, შანტაჟის მცდელობის მიუხედავად, სომეხმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„პირველ რიგში, ეს არის სომეხი ხალხის გამარჯვება იმიტომ, რომ მიუხედავად რუსეთის ზეწოლის, შანტაჟისა და ღია ჩარევისა, სომეხმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა არა რუსეთის, არამედ სომხეთის ინტერესების სასარგებლოდ. ეს გარკვეულწილად გეოპოლიტიკური არჩევნებიც კი იყო, როცა უპრეცედენტო ჩარევას და მათ შორის მუქარას ვხედავდით რუსეთის მხრიდან. მინდა ჩვენს მეზობელ სომხეთს მივულოცო დემოკრატიის გამარჯვება“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისი შეფასებით, სომხეთის არჩევნები ნათლად აჩვენებს იმას, რომ რუსეთი მარცხდება.
„რუსეთი დამარცხდა რეგიონში მას შემდეგ, რაც ტრამპის მედიაციით დამყარდა მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და რუსეთი დამარცხდა სომხეთში ამ არჩევნებით. უნდა დავინახოთ, რომ ამ ვითარებაში რუსეთის გამარჯვება შეუძლებელია, მიუხედავად სომხეთის არჩევნებში ჩარევისა. რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ასეთი წინაპირობა ჯერ არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გასაკეთებელი აქვს ევროპასა და რუსეთს შორის. ეს არჩევანი საუკუნეების მანძილზე არის გაკეთებული და ამიტომ არის დასავლეთისკენ ჩვენი გზა ცივილიზაციური არჩევანი. აქ ახლა მთავარი არის, რა არჩევანს გააკეთებს ივანიშვილი მას შემდეგ, რაც ჯერ ნახა უნგრეთში ვიქტორ ორბანის მარცხი, მოლდოვის გამარჯვება რუსეთის ჩარევების ფონზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა. ერთადერთი ფორპოსტი რუსეთისთვის დღეს არის საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს დასავლეთისგან ჩამოშორება არჩეული არ აქვს, ცალსახად ეს არის ივანიშვილის არჩევანი. რეგიონში პროცესების დინამიკა აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილს საბოლოოდ მოუწევს იმის აღიარება, რომ მისი ნაბიჯი სრულიად ამოვარდნილი იყო როგორც კონტექსტიდან, ასევე გეოპოლიტიკური რეალობიდან“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ამასთან, მან სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაინტერესებულია საქართველოს ევროპული მომავლით, რადგან მისი ევროინტეგრაციაც საქართველოზე გადის. როგორც აქუბარდია აღნიშნავს, სომხეთი ასევე დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით.
„როგორც იქნა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის საგარეო ვექტორის კურსი დაემთხვა. ამ ვითარებაში ვხედავთ აშშ-ის გააქტიურებასაც. მარკო რუბიოს ზარი იყო ირანის კრიზისის ფონზე, მათ შორის ვნახეთ აშშ-ის წარმომადგენლების ვიზიტები. მარკო რუბიომ “ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა შეცვალონ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორია, არამედ ქცევაც. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად ივანიშვილზე, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ აშშ გულხელდაკრეფილი უყურებდეს ამ ყველაფერს. ასევე, დამოკიდებული იქნება დროზე და დინამიკაზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის დასუსტებაზე. ეს პროცესი ვერ უნდა დასრულდეს რუსეთის გამარჯვებით, თუნდაც საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გაგრძელება ისევე, როგორც ბერკეტების შექმნა საქართველოს კურსის მხარდასაჭერად“, – განაცხადა აქუბარდიამ.














