რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე კონგრესში იმსჯელეს

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მოსკოვის დამაზიანებელი გავლენა – საკითხზე კონგრესის ქვედა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა კიდევ ერთხელ იმსჯელა. სხდომას ექსპერტების გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოსმენაზე იმყოფებოდა, თბილისიდან ახლად დაბრუნებული „ვუდროუ უილსონის“ ცენტრის მკვლევარი, რომელმაც საქართველოში გავრილოვის ვიზიტზე, აქციებზე და პრორუსულ დემონსტრაციებზე ისაუბრა.

ნინა იანკოვიჩის შეფასებით, დაუშვებელია თუნდაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება იმ ქვეყნის დეპუტატების მონაწილეობით, რომელსაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. მისი თქმით, ჰიბრიდული იარაღი საზოგადოების ყველა ელემენტს მოიცავს, მათ შორის რელიგიურსაც.

„საქართველოში ვიყავი, როდესაც პროტესტი დაიწყო. რუსი დეპუტატის სპიკერის სავარძელში ჯდომა, არის რუსეთის რბილი ძალის გაფართოება, რასაც მცოცავი სახით ბოლო 8 წლის ვხედავთ. ხალხის რეაქცია კი არის რეაქცია რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ ღია კარის პოლიტიკაზე. როგორ შეიძლება, ტერიტორიების 20% ოკუპირებული იყოს და მთავრობა, კვლავ უშვებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას. როგორც ვიცით, ეს რუსეთის რბილი ძალის ვექტორია, თავისი “რუსსკი მირით” და მართლმადიდებლური ეკლესიით. საკმაოდ რთული საკითხია. რა თქმა უნდა, მე არ მშურს „ქართული ოცნების“ მთავრობის, ეცადოს დააბალანსოს ვაჭრობა და პოლიტიკური საკითხები, თუმცა ვიცით, რომ ეს ჰიბრიდული იარაღი საზოგადოების ყველა ელემენტს მოიცავს: კულტურულს, რელიგიურს, ეკონომიკურს და პოლიტიკურს. ჩვენ მთელი ეს პაკეტი უნდა განვიხილოთ, როდესაც მას ვუპირისპირდებით. უამრავი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებია “რუსსკი მირის” ქოლგის ქვეშ, რომელიც იარაღად იყენებს ისტორიას, რუსეთსა და საქართველოს შორის საერთო კულტურულ კავშირებს. რა თქმა უნდა, ყველას სურს ერთ დღეს ამის ნორმალიზება, მაგრამ ფაქტია, ვიდრე რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციას არ მოახდენს, ეს არ მოხდება,”- განაცხადა ნინა იანკოვიჩმა.

კონგრესში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხებზეც იმსჯელეს. სპეციალისტებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს, თუ რა უნდა გააკეთოს საკანონმდებლო ორგანომ, რომ ამ მავნე ძალისხმევას სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს.

„ვიდრე შეერთებული შტატები დემოკრატული პრინციპების, მათ შორის სიტყვის და პრესის თავისუფლების გაძლიერების ერთგულია, რუსეთი და სხვები, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებენ, აგრძელებენ ზიანის მოსაყენებლად საკომუნიკაციო მექანიზმების გამოყენებას. დაწყებული ტრადიციული ბეჭდვიდან, სოციალური მედიის და მიზნობრივი რეკლამების ჩათვლით. 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა ალბათ ყველაზე ხმაურიანი განგაშის ზარი იყო. 3 წლის შემდეგაც, შეერთებული შტატები კვლავ ჩამორჩება რეაგირება მოახდინოს საინფორმაციო სივრცეში უცხოურ დამაზიანებელ გავლენაზე,”- განაცხადა კონგრესის ქვედა პალატის ასიგნებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიტა ლოუიმ.

რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 2019 წლის ფედერალურ ბიუჯეტში კონგრესმა სააგენტო „გლობალ მედიას“ 808, გლობალური ჩართულობის ცენტრს კი, 55 მილიონი დოლარი განუსაზღვრა. დამატებითი თანხები 24 საათიანი რუსულენოვანი მაუწყებლობისთვის და ახალი ამბების ციფრული ქსელისთვის მნიშვნელოვან რესურსებს ითვალისწინებს, თუმცა ექსპერტები კონგრესს კიდევ უფრო მეტი რესურსის ჩადებისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიპროპორციული საარჩევნო სისტემა – „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიამხარს დავუჭერთ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი