რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემებია გაგზავნილი

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, უწყების მიერ კომპლექსური ღონისძიებების გატარების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გაიგზავნა 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ბექა ძამაშვილმა, ასევე, ისაუბრა, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა დღემდე, რა ეტაპზე ვართ ახლა და რა პროცედურები იქნება შემდეგ.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსგან სტრასბურგის სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ და გაგზავნილია 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 26 მარტს. მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობა რუსეთიდან გამოძევებული 4,634 ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დაობდა, მთავრობის მიერ 2008 წელს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია იქნა წარდგენილი; თუ რატომ − ამაზე ჩვენ ახსნა არ გვაქვს“, − განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, რათა მიუხედავად ნაკლოვანი სიისა, დავა არა მხოლოდ 118 დაზარალებულის ნაწილში ყოფილიყო მოგებული, არამედ სრულად დაკმაყოფილებულიყო საქართველოს სასარჩელო მოთხოვნები. 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად მოგებით დასრულდა ყველა − 4600-ზე მეტი დაზარალებულის ნაწილში.

ბექა ძამაშვილის თქმით, საქმის არსებითად დასრულების შემდეგ ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურა დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს, ამ პროცედურის ფარგლებში კი, თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალურ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც წინა პერიოდში ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა და სხვ.). 2016 წლის 1 აპრილს ეს შედეგები და სახელობითი სიები მიწოდებულ იქნა ევროპული სასამართლოსთვის, რომელსაც ეცნობა, რომ დაზარალებულებთან მუშაობა კვლავ მიმდინარეობდა.

„ეს ყველაფერი ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, გვიწევდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათასი გვერდი საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას, საქართველოში და, ასევე, მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულების იდენტიფიცირებას სხვადასხვა წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი და აუცილებელიც იყო 2007 წელს სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს ამ სიის შედგენა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა და, როგორც აღინიშნა, მაშინ მხოლოდ 118 დაზარალებულის შესახებ მონაცემი გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში“, − განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

უწყებიდან გაგზავნილი სია არის საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებს, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება. ამიტომ ქართული მხარე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის და გამოძევებული ქართველების შესახებ მონაცემთა ბაზებში დაცული სრული ინფორმაციის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდების აუცილებლობას. რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, მხარეების მიერ დღემდე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლო თავად გადაწყვეტს, აქვს თუ არა ყველა საჭირო ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.

„ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლოსთან აქტიურ კომუნიკაციას და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ მივაწოდოთ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია. შესაბამისად, საქმე ეხება ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავას. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო და დეპორტაციის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და თავი შევიკავოთ მცდარი ინფორმაციების გავრცელებისგან. იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას“, − დასძინა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა.

banner
წინა სტატიაშიCoca-Cola-ს მარსელის ქარხანაში კოკაინის პაკეტები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაშტაინმაიერმა რუსეთის G8-ში დაბრუნების სურვილი გამოთქვა