საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის შემდეგ კალასმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება კარდინალურად იცვლება და მოსკოვი მძიმე მდგომარეობაშია.
ევროკავშირის მთავარი დიპლომატის შეფასებით, კრემლი ამჟამად სამივე მიმართულებით დამარცხების რეჟიმშია გადასული.
„ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. რუსეთი თავდაცვით პოზიციაშია, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით. თუმცა, კიევზე ბოლო იერიშებმა აჩვენა, რომ მოსკოვი მშვიდობის მიმართ რეალურ ინტერესს კვლავ არ ავლენს“, – განაცხადა კალასმა.
კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ბლოკი მკაცრ პოზიციას დაიკავებს და ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ აღიარებას არ დაუშვებს. ამასთანავე, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე უკვე მუშაობს.
„ევროპა არასოდეს იქნება ნეიტრალური შუამავალი, რადგან ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი მოლაპარაკების წინაპირობაა, ხოლო რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დივერსიული ოპერაციები, კიბერშეტევები და ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევები“, – დასძინა მან.
მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში მოსკოვთან ბიზნესს აგრძელებენ და ევროპულ ბაზარზე პრივილეგიებით სარგებლობენ. მისი თქმით, ბრიუსელი ამ ბერკეტებს ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით ბევრად უფრო ეფექტიანად გამოიყენებს.















