რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს – მიშელი

რუსეთი ომის იარაღად იყენებს სურსათს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს. უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, ხორბალი და სიმინდი. ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და მსოფლიოში შიმშილს იწვევს. ევროპული საბჭოს შეხვედრის დროს, ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით, რომ ამ პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გასატანად ლოჯისტიკური გამოსავალი გვეპოვნა, მათ შორის ვმუშაობთ უკრაინასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის შესამუშავებლად. გლობალური შიმშილი ყველას საქმეა, შესაბამისად, ეს საჭიროებს კოორდინირებულ, ყოვლისმოცმველ და გლობალურ მიდგომას. ჩვენ ვმუშაობთ „დიდ შვიდეულთან“, აფრიკულ კავშირთან და ჩვენს ყველა სხვა პარტნიორთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსული ხომალდები და რაკეტები უკრაინიდან ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს ბლოკავს, მხოლოდ რუსული ტანკები, ბომბები და ნაღმები არ აძლევენ უკრაინას თესვისა და მოსავლის აღების საშუალებას.

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: რუსული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია. მე ვეუბნები ყველა ქვეყანას, რომელიც დაზარალდა სასურსათო კრიზისის შედეგად: ნუ დაუჯერებთ კრემლის პროპაგანდას, ნუ გახდებით რუსეთის ინსტრუმენტი“, – აღნიშნა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი სწავლობს სანქცირებული რუსი მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების აქტივების ჩამორთმევას უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად.

„რუსეთი სასტიკად ანადგურებს უკრაინას და სამართლიანი იქნება მხოლოდ ის, რომ აგრესორმა რუსეთმა გადაიხადოს ქვეყნის აღდგენის საფასური. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევისწავლოთ სანქცირებული რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების აქტივების ჩამორთმევა ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს დაეხმარებოდა უკრაინის აღდგენის დაფინანსებას. თუ გვინდა, ვიყოთ გეოპოლიტიკური ძალა, უნდა ვიმოქმედოთ როგორც გეოპოლიტიკური ძალა, ეს ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე ზრუნვას. ერთად ყოფნით ჩვენ შეგვიძლია ამ ძალის გამოყენება, რათა გავხდეთ უფრო სუვერენული, უფრო განვითარებული და უფრო გავლენიანი. ჩვენ ვართ ერთიანები და მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი უკრაინას და ავაშენოთ ჩვენი საერთო მომავალი“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ლიტვის დამუკიდებლობის აღიარების გაუქმებას აპირბეს
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე საჰაერო იერიში მიიტანეს, სადაც ერთ-ერთი სკოლა განადგურდა – არიან დაშავებულები