იზრდება რისკი იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა, თავს დაესხას დიდ ბრიტანეთს, ჩვენი ქვეყნის შვილები ბრძოლისთვის მზად უნდა იყვნენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, სერ რიჩარდ ნაიტონმა განაცხადა.
ნაიტონმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო სიძლიერე იზრდება და ეს შიშის საფუძველს იძლევა, რადგან რუსული ჯარები უკვე გამოცდილი არიან ბრძოლებში მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებენ.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ყოველთვის იქნებიან დაცვის პირველი ხაზი ნატო-ს დანარჩენ წევრებთან ერთად, მაგრამ მთელმა საზოგადოებამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა მდგრადობის აღდგენაში.
„სიტუაცია უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში წარმომედგინა და მშვიდობის ფასი იზრდება. ჩვენი რეაგირება უნდა გასცდეს უბრალოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ის მოითხოვს ეროვნულ რეაგირებას, რომელიც ააშენებს ჩვენს თავდაცვით სამრეწველო შესაძლებლობებს, განავითარებს ჩვენთვის საჭირო უნარებს, გამოიყენებს იმ ინსტიტუტების ძალას, რომლებიც ომის დროს დაგვჭირდება და უზრუნველყოფს და გაზრდის საზოგადოებისა და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის მდგრადობას. ქალებს, კაცებს, ვეტერანებს, ყველას ექნება თავისი როლი შესასრულებელი. აშენება, მსახურება და საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლა“, – განაცხადა ნაიტონმა.
ამასთან, მისივე თქმით, საფრთხე ჯერჯერობით არ იგრძნობა დიდ ბრიტანეთში ისე, როგორც ეს ხდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთთან ფიზიკური სახმელეთო საზღვრები აქვთ.

















