რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საკითხის ერთობლივ გადაწყვეტას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა თვლის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტას, სადაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მკურნალობის ნაცვლად, ადგილობრივებზე ქიმიურ პრეპარატებს ცდიან. რამდენიმე კვირის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კირილოვმა ბრიფინგი ჩაატარა, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკელი მეცნიერები ლუგარის ცენტრში ადამიანებზე ცდიდნენ ქიმიურ ნივთიერებებს. “აშშ თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ ბიოლოგიურ პოტენციალს და აკონტროლებს პათოგენური მიკროორგანიზმების ეროვნულ კოლექციებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. დღეისათვის ფუნქციონირებს და მუდმივად ნახლდება აშშ-ს კონტროლს ქვეშ მყოფი 30 ლაბორატორია, რომელთაც ბიოლოგიური დაცვის უმაღლესი დონე აქვთ, რასაც გაეროს მონაცემებიც ადასტურებს. ლაბორატორიის განთავსების ადგილებიც, ჩვენი აზრით, შემთხვევითი არ არის – ბევრი მათგანი რუსეთთან და ჩინეთის ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს და ჩვენი სახელმწიფოებისთვის მუდმივ ბიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. საშიშროებას წარმოადგენს ჩვენი მოქალაეების ბიოლოგიური მასალების შეგროვება გაურკვეველი მიზნებისთვის, ასეთია რუსების სინოვიალური ქსოვილების შეგროვების მცდელობა და სხვა…” – თქვა ბრიფინგზე კირილოვმა.

ზახაროვას თქმით, მიმდინარე წელს რუსეთის მთავრობა პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის საზღვართან ახლოს ხდება, ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საუბარია არა ბრალდებებზე, არამედ, შეკითხვებზე. “სამწუხაროდ, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ერთად მუშაობის საკითხია და არა პოლიტიკური თემა” – დაამატა ზახაროვამ.

მოსკოვი თვლის, რომ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში აშშ ინფექციურ დაავადებებზე მუშაობს, რომელსაც შემდეგ სპეციალური დრონების მეშვეობით ავრცელებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ანუ, “ლუგარის ლაბორატორია”, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. ის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA ) დაფინანსებით აშენდა და 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორია 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაშია.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “იბერიამ” არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მაუწყებლობა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაჯულიან ასანჟს ეკვადორის საელჩო კატას წაართმევს, თუკი მას უკეთესად არ მოუვლის