“რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის” – საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენებს

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციისა და ინტენსიური დიალოგის გასაძლიერებლად აშშ-ს კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს
“არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია – რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ს კონგრესის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან და კონგრესმენ ტედ პოსთან შეხვედრისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა. საქართველო დაისაჯა გადაწყვეტილებისათვის გამხდარიყო დამოუკიდებელი – ამ სასჯელს ოკუპაციის ფორმა აქვს. ქართველი ხალხი არ უღალატებს საკუთარ ნაციონალურ იდენტობას.
კონგრესმენებმა საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.
ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 16 მარტს დასრულდება და პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა.

banner
წინა სტატიაში“თქვენ რთულ პერიოდში ბრძანდებოდით ელჩი, მაგრამ ბრძნულად გაართვით თავი ყველა პრობლემას”- პატრიარქი იან კელის
შემდეგი სტატიარუსული ოკუპაცია და ტატუნაშვილის მკვლელობა – პრეზიდენტის შეხვედრები აშშ-ში