ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯგუფის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უძღვებოდა, ასევე ესწრებოდნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. ამასთან, სამიტზე არ იმყოფებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამიტზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში და შესთავაზა მოლაპარაკებების მოსკოვში გამართვა.
„დღის წესრიგშია სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადება, რათა საბოლოოდ დასრულდეს ეს ხანგრძლივი კონფლიქტი. ჩვენ, რუსეთის მხრიდან, აბსოლუტურად მზად ვართ, გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს გლობალური დახმარება, რომელიც მათ ესაჭიროებათ. კერძოდ, ჩვენ ასევე შევთანხმდით მოსკოვში მოლაპარაკებების დაწყებაზე, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა პუტინმა.