რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის. დიმიტრი კისელევთან “როსია 1”-ისთვის და RIA Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ზიანი ადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
“იარაღი არსებობს იმისთვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსული სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ჩვენთვის ყველაფერი გაწერილია ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია”, – თქვა პუტინმა.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთის ბირთვული ტრიადა უფრო თანამედროვეა, ვიდრე სხვა ქვეყნების.