რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას, შემდეგი შესაძლოა იყოს საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი ბალტიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები – ზელენსკი

რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. შემდეგი შესაძლოა იყოს საქართველო, მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ნამდვილი გეგმები ყველასთვის აშკარაა და უკრაინა მხოლოდ დასაწყისია.

„ამ ომზე პასუხისმგებელი რუსული სახელმწიფო უნდა იყოს. რუსი ოფიციალური პირები და სამხედრო მეთაურები, ყველანი დამნაშავენი არიან სამხედრო დანაშაულებში, პასუხი უნდა აგონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს. დეპორტაციის ყველა ორგანიზატორმა და შემსრულებელმა პასუხი უნდა აგოს. რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობლების დატერორების ყოველგვარ შესაძლებლობა. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. რუსეთის ნამდვილი გეგმები ყველასთვის აშკარაა. უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. შემდგომ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შემდგომ იქნება თქვენი სახელმწიფო, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი, შუა აზიის სახელმწიფოები. მოსკოვიდან უკვე ისმის მუქარები ფინეთისა და შვედეთის მიმართ. როგორ შეუძლია ევროპას შეაჩეროს რუსეთის შემდგომი ექსპანსია, თუ ჯერ კიდევ არ შეუძლია შეაჩეროს თუნდაც ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახლა ევროპის პასუხი რუსეთის აგრესიაზე მართლაც ძლიერი და კონსოლიდირებული იყოს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე ან მეოცე პაკეტის შემუშავების ლოდინი. მისი თქმით, ყველაფერი სანქციების მეექვსე პაკეტში უნდა გაკეთდეს.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი ოპოზიციას: ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ წააგეთ
შემდეგი სტატიავახტანგ მეგრელიშვილი: „ჩვენი მთავარი ამოცანა არის გავხდეთ მართლა ევროპული, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“