რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის კონფლიქტი და ეს არის სწორად შეფასებული ევროსაბჭოს დოკუმენტში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2019 15:55

რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის კონფლიქტი და ეს არის სწორად შეფასებული ევროსაბჭოს დოკუმენტში

რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის კონფლიქტი და ეს არის სწორად შეფასებული ევროსაბჭოს დოკუმენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში დოკუმენტის მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სწორადაა აქცენტი გაკეთებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

„ევროსაბჭოსგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ არავინ არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ეს გზავნილი მიიღო მთელმა მსოფლიომ, მათ შორის რუსეთის ფედერაციამაც.

„დოკუმენტი არის ძალინ ვრცელი. იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთებული იმაზე, რომ რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ხაზგასმულია, რომ ეს არის კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, ვინაიდან, სამწუხაროდ, აგრესიული ძალებისგან გვესმის პროპაგანდა, რომ ეს არ არის კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის.

რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის კონფლიქტი და ეს არის სწორად შეფასებული ევროსაბჭოს ამ დოკუმენტში”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

„ევროსაბჭოს მიერ ხაზგასმულია ის უმძიმესი ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერის ტექსტი, რომელიც არსებობს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ, ვგულისხმობ ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.” აუცილებელია, რომ დროულად დავიწყოთ ამ სამშვიდობო ინიციატივის რეალიზაცია რეალურ ცხოვრებაში, რათა შევუქმნათ ელემენტარული პირობები ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, იმ პიროვნებების შესახებ, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ სასტიკ დანაშაულში. ამას, არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 2 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიიღეს მორიგი მეექვსე გადაწყვეტილება.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაფორმდება მაისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2019 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics