რუსეთი დასავლეთთან ომისთვის ემზადება-გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი

რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადებას აგრძელებს, მაგრამ მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) წევრებს შორის განხეთქილების შექმნას შეეცდება – როგორც DW წერს, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა 27 ნოემბერს, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, სრულმასშტაბიან შეტევამდე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ლოკალურ ოპერაციებს, რომელსაც ნატოს სიმტკიცის შემოწმება ექნება მიზნად. კერძოდ, მოსკოვი შეეცდება ძირი გამოუთხაროს ნატოს წევრებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია თავდაცვითი ალიანსის წესდების მე-5 მუხლში. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შექმნან “საგანგებო სიტუაცია” ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის, რომელშიც ალიანსის სხვა წევრები “შესაბამისად რეაგირებას არ მოახდენენ”, განმარტა კალმა. მაგალითად, კალმა მოიყვანა შესაძლო “მოკლევადიანი თავდასხმა“ ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე „ტერიტორიული გაწმენდის“ მიზნით. რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები სვალბარდში, მაგრამ ამავდროულად, ოსლოს პოლიტიკა არქიპელაგის უცხოელების მიმართ ბოლო წლებში გამკაცრდა.

ბრუნო კალის თქმით, რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი ინტერვენციის კიდევ ერთი შესაძლებლობა არის კონფლიქტი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ადგილობრივი რუსულენოვანი უმცირესობების დაცვის საბაბით. თუ ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ იქნება გამოყენებული მსგავს კონფლიქტებში, ნატო, როგორც თავდაცვითი ალიანსი, დამარცხდება – ეს არის რუსეთის ფედერაციის მიზანი, მიიჩნევს გერმანული დაზვერვის ხელმძღვანელი.

“თუ დახმარების დაპირება არაეფექტური აღმოჩნდება, რუსეთს შეუძლია გააფართოოს თავისი გავლენა ევროპაში ძალაუფლების აგრესიული პოლიტიკით”, – აცხადებს ის.

გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს რუსეთს ექნება საკმარისი რესურსი დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის. მან ეს მოსაზრება პირველად ოქტომბერში ბუნდესტაგში გამოსვლისას გამოთქვა, შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა გერმანიაში დაზვერვის სამსახურების საქმიანობის მონიტორინგს.

კრემლი გავლენას ახდენს გერმანიის მემარჯვენე და მარცხენა ფლანგების პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც “გულუბრყვილოდ იმეორებენ იმას, რაც მოსკოვიდან მოდის“, აღნიშნა კალმა. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ გავლენას ახდენს გერმანიის სხვადასხვა დონეზე არჩევნებზე, რომლებშიც მემარჯვენე და მემარცხენე პოპულისტებმა წარმატებას მიაღწიეს 2024 წელს, არამედ ამძაფრებს განხეთქილებას გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტში.

 

banner
წინა სტატიაშითენგიზ შარმანაშვილი -მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს