რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც პლაცდარმს სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად – ზელენსკი

რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც პლაცდარმს სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად და ამიტომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მთელი ევროპის გრძელვადიან უსაფრთხოებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ის ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე უმნიშვნელოვანესია ევროპის ერთიანობა.

„ჩვენ გვჭირდება ევროპაში ისეთი ერთობა, რომელიც ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. რა თქმა უნდა, ამისთვის უკვე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი არა. ის, რაც ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ახლა ხდება, უნდა განიხილებოდეს როგორც ომი. გაზთან დაკავშირებული თამაშით რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაციის ზრდა შენარჩუნდეს და ამ ზამთარში ევროპამ თავის ისტორიაში უდიდესი კრიზისი განიცადოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიების ისეთი სისტემა, რომელიც ეფექტური იქნება იმ პირობებშიც კი, როცა უკრაინა ნატო-ს წევრი არ არის.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების ისეთი სისტემა, ისეთი უსაფრთხო სივრცე, რომელიც ეფექტური იქნება იმ პირობებშიც, როცა ალიანსში არ ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა რომ ასეთი სისტემა არსებობდეს, ომი არ იქნებოდა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს აღარასდროს მოხდეს. ეს არის მთავარი ამოცანა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების გამო, ფინეთში 900-მდე რუსული სატვირთო ვაგონია დაკავებული