რუსეთი აფხაზეთის ანექსიისთვის მის სრულ იზოლაციას გეგმავს

 

რუსეთი მეთოდურად უდგება აფხაზეთის ანექსიის გაფორმებას. რუსული პოლიტიკის თითოეული ნაბიჯი სწორედ ზემოაღნიშნულ სტრატეგიულ მიზანს – აფხაზეთში სრული რუსული კონტროლის დამყარებას ემსახურება,- ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამი.

ამჟამად, აფხაზეთთან მიმართებაში რუსულ დღის წესრიგში ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას: სამოქალაქო სექტორის განადგურება და პოლიციური კონტროლის დამყარება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის უშუალო ჩართულობით. ზემოაღნიშნულ მიზნამდე რუსეთი თანამიმდევრულად მოქმედებდა – 2020 წელს მნიშვნელოვანი სუბსიდიებისა და დახმარების სანაცვლოდ, კრემლმა აფხაზეთი აიძულა, ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის თაობაზე და აფხაზეთის სტრატეგიული ობიექტები გადაიფორმა (ოჩამჩირეს საზღვაო სამხედრო ბაზა, აეროპორტი, ბიჭვინთა).
2024 წლის 7 თებერვალს, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „უცხოური აგენტის ფუნქციის შემსრულებელ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე“. ამ დრომდე კანონპროექტი საზოგადოებრივი ზეწოლის ძალისხმევით, დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში იყო გაჩერებული. დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოხუმში უკვე ღიად საუბრობენ, რომ კანონის უკან რეალურად რუსეთი დგას და მისი მიზანია აფხაზეთში სრულიად შეწყდეს საზოგადოებრივი სექტორის დაფინანსება და გაეროს სააგენტოების საქმიანობა. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიულ და ფიზიკურ პირების ე.წ. შავი სიის შექმნას. პროექტის თანახმად, ფიზიკურ პირთა რეესტრში ნებისმიერი ადამიანის მოაზრება შეიძლება – „არასანდოთა სიაში“ შეიძლება მოხვდეს ბიზნესმენი, რომელიც ეწინააღმდეგება გარკვეული ინდუსტრიების მონოპოლიზაციას; ჟურნალისტი ან უბრალოდ, აქტიური ადამიანი.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფხაზეთში შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილმა უკიდურესად გაზრდილი წნეხის და შეტევის გამო საქმიანობა ფაქტობრივად გააჩერა.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ზეწოლის გააქტიურების პარალელურად, 2024 წლის 1 მარტიდან „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები ფსოუზე საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ რუსული პასპორტით შეძლებენ, რაც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს აფხაზებს – მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია წავიდეს ევროპაში ან გადმოვიდეს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ აფხაზი მოსახლეობა მხოლოდ რუსეთში გამგზავრების შესაძლებლობის წინაშე დაეყენებინა, ახლა კი, რუსული პასპორტის მიღების გარეშე რუსეთში შესვლის უფლებას ართმევს.
პარალელურად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსულ „ეფესბეს“ ხელმძღვანელობას შორის უკვე გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთში „დასახმარებლად“ შევა რუსული ელიტური სპეცრაზმის 500 კაციანი ჯგუფი; ამის გარდა, რუსეთი დამატებითი სამხედრო ძალების შემოყვანაზეც ფიქრობს იმ შემთხვევისთვის, თუ აფხაზეთში სამოქალაქო პროტესტი და არეულობა დაიწყება; საზოგადოებაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის როსგვარდიას შორის მომზადებული სპეციალური შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აფხაზური მხარის მოთხოვნის საფუძველზე, აფხაზეთში როსგვარდიის სპეცდანიშნულების ნაწილები შევა, რომლებიც აფხაზ კოლეგებს „წესრიგის“ დაცვაში დაეხმარებიან. შეთანხმების მიხედვით, რუსული მხარე აფხაზებს დაეხმარება შემდეგი მიმართულებით:
o საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა
o ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა
o ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაცვა.
პარალელურად, რამდენიმე კვირაა, რუსი მესაზღვრეების მხრიდან, მასობრივი ხასიათი მიიღო საზღვარზე და გამყოფ ხაზთან ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ადამიანების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების „გამოკითხვამ“, როგორც ენგურის, ასევე, ფსოუს მხარეს. „გამოკითხვა“ ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გრძელდება. შეკითხვები ძირითადად შეეხება განათლებას და საქმიანობის სფეროებს (სკოლა სად დაამთავრე, სად მუშაობდი, რაიმე შეხება ხომ არ ქონია არასამთავრობო სექტორთან, გაცვლით პროგრამაში ხომ არ მიგიღია მონაწილეობა).
აშკარაა, რომ რუსეთი მეთოდურად უდგება აფხაზეთის ანექსიის გაფორმებას. რუსული პოლიტიკის თითოეული ნაბიჯი სწორედ ზემოაღნიშნულ სტრატეგიულ მიზანს – აფხაზეთში სრული რუსული კონტროლის დამყარებას ემსახურება:
1. 2020 წელი – რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმდა „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების ღონისძიებების გეგმა“, რაც აფხაზური და რუსული კანონმდებლობის „ჰარმონიზაციას“ ისახავდა მიზნად;
2. 2022 წელი – დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში გააქტიურდა მუშაობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტზე;
3. 2023 წელი – შემუშავდა კანონპროექტი აპარტ ოტელების შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე პროტესტის ფონზე შეჩერებულია;
4. 2023 წელი – გაფორმდა სოხუმის აეროპორტის რუსი ინვესტორებისთვის გადაცემის კაბალური ხელშეკრულება;
5. 2022-23 წლები – ბიჭვინთის ტერიტორია რუსეთს გადაეცა პუტინის რეზიდენციის მშენებლობის მიზნით;
6. 2023 წელს აფხაზეთში გამწვავდა ენერგოკრიზისი, სავარაუდოდ, მოსახლეობაზე წნეხის გაზრდის მიზნით,- ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიData Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები, თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი:ჩვენ ვნახეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, რაც ჩვენთან ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში 3-ჯერ მოხდა