რუსეთი, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის, მეზობელმა რა უნდა გააკეთოს

ალიანსის ყველა ქვეყანამ თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ეს ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

კითხვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს და ამ პროცესში რუსეთის როლს ეხებოდა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა ტიპის უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდეს.

„ნატო-სთვის პრინციპული მნიშვნელობისაა ფაქტი, რომ ყველა ერს აქვს თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა ტიპის უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდეს. არა მარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც აშკარად და ცხადად არის დადასტურებული, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევანის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანება და ა.შ.

აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში და ჩვენ როცა მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს ან მსხვილ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას.

საქართველოსთან მეზობლობა ჩრდილოეთით, რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ ნორვეგიაც არის მსგავს სამეზობლოში. რუსეთი, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის, მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. რუსეთი 1949 წელს გახდა წევრი. სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთო. ეს შეეხებოდა ნორვეგიას, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზე და ალიანსის 29 წევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, თქვენი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება ქვეყანა მზად გაწევრიანდეს ნატო-ში.

„ალიანსის ყველა სახელმწიფონ თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და რომელიღაც ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არაა, საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი. თქვენ უნდა განახორციელოთ რეფორმები, ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად. ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. მოდერნიზაცია აუცილებელია. თქვენ დიდი წინსვლა გაქვთ. ჩვენ ამას ვაღიარებთ, ძალიან მოგვწონს და მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოს სასიკეთოდ, ნატო-ს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვმუშაობთ ავღანეთში ნატო-ს სწავლებებში. დარწმუნებული ვარ, ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება ქვეყანა მზად გაწევრიანდეს ნატო-ში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ლეონიდ ჩერნოვეცკის კანონპროექტი დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის