რუსეთ-უკრაინის ომზე პაპის განცხადებას ვატიკანი განმარტავს

ვატიკანი პაპი ფრანცისკეს განცხადებას განმარტავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინას „თეთრი დროშის აფრიალებისთვის“ გამბედაობისკენ მოუწოდა.

ვატიკანის პრესსპიკერი ამბობს, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ კი თქვა, რომ ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და “პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.”

რომის პაპის ინტერვიუ შვეიცარულ ტელეკომპანიასთან თებერვალში ჩაიწერა და ეთერში 20 მარტს უნდა გავიდეს. ციტატის მიხედვით, რომელიც „როიტერსმა“ გაავრცელა, ინტერვიუს ფარგლებში პაპს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა „მიმდინარე დებატზე, უნდა „აეფრიალებინა უკრაინას თეთრი დროშა“, თუ მოახდენდა ამგვარი ქმედება აგრესიის ლეგიტიმაციას“, რაზეც პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „ის, ვინც ძლიერია, ყოველთვის ფიქრობს ადამიანებზე და აქვს გამბედაობა, ააფრილოს „თეთრი დროშა“ და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“:

„როდესაც ხედავ, რომ დამარცხდი, რომ საქმე კარგად არ მიდის, უნდა გაგაჩნდეს მოლაპარაკებების გამბედაობა“ — თქვა რომის პაპმა.

რომის პაპის ამ ციტატის გავრცელების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა „არასდროს ააფრიალებს სხვა დროშას, გარდა მათი ეროვნული — ლურჯ-ყვითელი დროშისა“.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს პრობლემაში გასარკვევად 10 დღეს სთხოვს
შემდეგი სტატიარუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა