რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე თბილისს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან

2018 წლის 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე თბილისს ეწვევიან პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი, რაც მათი მხრიდან გახლავთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და მეგობრობის გამოხატულება.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიმართავენ.

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლეტუვას და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაში„ეს სწავლება ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა“ – იზორია
შემდეგი სტატიალუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარზე – ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი