ინტერნეტში რუსეთის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ადამიანის, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო, ბოძზე წამოცმული თავი ჩანს.
უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს “რუსული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევის შესახებ” გამოძიების თხოვნით მიმართა.
“აღვნიშნავ, რომ ასეთი ვიდეოებს მტერი უკრაინელების დემორალიზებისთვისა და დაშინებისთვის იყენებს. თუმცაღა, ეს მხოლოდ გვიმყარებს ჩვენს სწრაფვას, რომ ყოველი, ვინც ასეთ არაადამიანურ მხეცობებს სჩადის, გარდაუვალ პასუხისგებაში მოვიყვანოთ!”. – წერს ლუბინეცი თავის ტელეგრამ-არხზე.
ვიდეოში ჩანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელსაც სახე დაფარული და ხმა შეცვლილი აქვს. ის მიუთითებს, რომ უკრაინელ ტყვეს თავი სწორედ მათმა ბრიგადამ მოაჭრა და ზურგს უკან იშვერს ხელს, რის შემდეგაც კადრში ადამიანის სარზე წამოცმული თავი ჩანს.
პროექტ Deep State-ის ცნობით, ვიდეოს გადაღების ადგილმდებარეობის დადგენა მოახერხეს. მათი თქმით, ვიდეო ბელგოროდის ოლქში, კრასნოიარუჟის რაიონის კოლოტილოვკის გამშვებ პუნქტთან არის გადაღებული.
მანამდე, 3 აგვისტოს Z-ბლოგერების ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც სასტიკად მოკლული და დასახიჩრებული ადამიანი, სავარაუდოდ უკრაინელი ტყვე ჩანდა. უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა ფოტოსთან დაკავშირებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს მიმართა.
რუსებმა უკრაინელი ტყვე სავარაუდოდ დაანაწევრეს – უკრაინის ომბუდსმენი გამოძიებას ითხოვს
აქამდე უკვე გავრცელდა განსაკუთრებით მძიმე და დაუნდობელი ომის დანაშაულების რამდენიმე ვიდეო, რომლებშიც რუსი ჯარისკაცები დატყვევებულ უკრაინელებს ანაწევრებდნენ.