რუსებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს კურსკის რეგიონში. უკრაინის ომბუდსმენის დმიტრო ლუბინეცის თქმით, რუსმა ჯარებმა, სავარაუდოდ, სულ მცირე ორ უიარაღო უკრაინელ სამხედრო ტყვეს ახლო მანძილიდან ესროლეს და დახვრიტეს.
„ტყვეები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული, განსაკუთრებით ძალადობისგან, მაგრამ რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩაიდინა ომის დანაშაული, რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის“, – განაცხადა ლუბინეცმა.
აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ომბუდსმენმა წერილები გაუგზავნა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.
მან დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ სისასტიკის გამო, რათა შეაჩეროს რუსეთის აგრესია.
„კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა დაიკარგოს იმისთვის, რომ მსოფლიომ მოქმედება დაიწყოს? რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა დანაშაულზე“, – დასძინა ლუბინეცმა.