რუსებმა ხარკოვი აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს – Amnesty International

ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, რუსები ქალაქ ხარკოვს აკრძალული კასეტური მასალით ბობავდნენ.

მათ ხარკოვის სხვადასხვა უბნებში კასეტური საბრძოლო მასალის 9N210/9N235 არაერთი თავდასმის ფაქტები დააფიქსირეს, მათ შორის ნახეს ბომბების ფრაგმენტები. მთლიანობაში, ორგანიზაცაიამ დააფიქსირა 28 განურჩეველი დარტყმა ხარკოვზე, განხორციელებული რუსული ძალების მიერ 28 თებერვლიდან 30 აპრილამდე. კასეტური ბომბების გარდა მკვლევრებმა ნახეს “ურაგანის” რაკეტების ფრაგმენტებიც.

ხარკოვის ორი საავადმყოფოს ექიმებმა Amnesty International-ის მკვლევარებს აჩვენეს კასეტური საბრძოლო მასალის თავდასხმის მსხვერპლთაგან ამოღებული გრანულები.

ორგანიზაცია წერს, რომ ხარკოვის საცხოვრებელი უბნების განურჩეველი დაბომბვა, რომელმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა, ომის დანაშაულს წარმოადგენს. მათივე ცნობით, ეს ეხება როგორც კასეტური ბომბებით განხორციელებულ დარტყმებს, ასევე, სხვა ტიპის უმართავი რაკეტების, საარტილერიო ჭურვების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმებს.

“Amnesty International მოუწოდებს, რომ მართლმსაჯულების პროცესები იყოს მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და უზრუნველყოფილი იყოს ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს გზით საერთაშორისო სამართლის ყველა დანაშაულისთვის”, – წერს ორგანიზაცია.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა Amnesty International-ს, რომ 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე ხარკოვის რეგიონში 606 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 248 დაშავდა, მათგან დაახლოებით 70% ხარკოვში, ხოლო დანარჩენი მიმდებარე ტერიტორიაზე.

კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება (ისევე როგორც წარმოება, შენახვა, გაყიდვა ან გადაცემა) აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი – სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები, არტილერიის გამოყენებით, ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება