რუსები მიიჩნევენ ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად, ამაზე ხმამაღლა საუბრის რატომ გვერიდება? – ზვიად კვაჭანტირაძე ინფრასტრუქტურის მინისტრს

უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ მაია ცქიტიშვილს მოუწოდა აღიარონ, რომ ანაკლიის პორტი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოა. კვაჭანტირაძის აზრით, ამ თემაზე ხმამაღალი საუბარი საქართველოს დაიცავს.

“ძალიან გთხოვთ, ერთმნიშვნელოვნად ხმამაღლა აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს – რატომ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი?” – მიმართა კვაჭანტირაძემ მინისტრს, რომელიც დეპუტატები ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ანგარიშს აცნობს.

კვაჭანტირაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს საზღვარგარეთ და პროექტი არც ჰამბურგის და არც როტერდამის პორტების ინტერესებშია.

“თქვენი გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა კითხვები, რაც აქამდე არ მქონდა. ჩემი კოლეგების კითხვებიდან გამომდინარე, ისეთი განწყობა მიჩნდება, თითქოს საქმე იქამდე მიგვყავს, რომ პროექტის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები – რასაც მე ვუყურებ, კონკრეტულად ანაკლიის კონსორციუმის კომპეტენცია და მისი შესაძლებლობები დგება ეჭვის ქვეშ. აღარ ვყვები წინა ისტორიაზე, რადგან “თიბისი“ ბანკის თემა დახურულია და “თიბისი“-სთან დაკავშირებით კითხვა არ გამაჩნია. რაც შეეხება ანაკლიას, ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი და მაინტერესებს, როდესაც საუბრობთ, რომ ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ ძალიან ბევრი დათმობა გაკეთდა, ასევე გადაიდგა თუ არა ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთავრობისათვის იყო სასარგებლო. მაგალითად, განსახლების გეგმა. თუ გაკეთდა ისეთი რამ, რაც თქვენც – მთავრობას გაწყობდათ“, – მიმართა კითხვით ზვიად კვაჭანტირაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: თქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ!