რუსები “კავკასუს ონლაინისთვის” ომში ჩაებნენ-კომპანია გაზაფხულამდე გაიყიდება, მარეგულირებელმა “მაგთის” მწვანე შუქი უკვე აუნთო

რუსები

რუსები "კავკასუს ონლაინისთვის" ომში ჩაებნენ კომპანია გაზაფხულამდე გაიყიდება, მარეგულირებელმა "მაგთის" მწვანე შუქი უკვე აუნთოროგორც მოსალოდნელი იყო, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას “კავკასუსის” შეძენის თხოვნით რუსულმა “ვიმპელკომმა”, იგივე “მობიტელმა” მიმართა. ამასობაში მარეგულირებელმა “მაგთიკომს” “კავკასუს ონლაინის” საცალო ბიზნესის შეძენის უფლება მისცა, “მობიტელთან” დაკავშირებით კი კომისია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. “კავკასუს ონლაინისთვის” დიდი ბრძოლა გაიმართება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების დაწყებას ორივე კომპანიასთან შეძლებენ.

ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე რუსული “ვიმპელკომის” შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით “რეზონანსი” უკვე წერდა. მაშინ ინფორმაციის გადასამოწმებლად არა მარტო “კავკასუს ონლაინს”, არამედ “ვიმპელკომის” სათავო ოფისსაც მივმართეთ. “ვიმპელკომში” ქართულ პროვაიდერთან შესაძლო შერწყმის სურვილზე კომენტარი არ გააკეთეს და ამაზე საუბარი არც “კავკასუსში” ისურვეს.

ახლა კი გაირკვა, რომ ქართულ ინტერნეტ-ბაზარს რუსული ფული მართლაც მოუახლოვდა. კომპანია “მობიტელს” “კავკასუს ონლაინის” საცალო აქტივების შეძენა სურს და მან მარეგულირებელ კომისიას ოფიციალური განაცხადით უკვე მიმართა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, “სილქნეტისა” და “კავკასუსის”, მეორე მხრივ კი “მაგთიკომისა” და “კავკასუსის” შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობდნენ, რომ სამივე კომპანია – “მაგთიკომიც”, “სილქნეტი” და “კავკასუს ონლაინიც” წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე კომპანიებს და ამიტომაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

2015 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” შერწყმის საკითხი დაიბლოკა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა.

მოგვიანებით კომისიამ “კავკასუსის” “მაგთიკომთან” შესაძლო გაერთიანებაზე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება არც მაშინ მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა ამ ორი კომპანიის შერწყმის შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და სპეციალური დასკვნაც გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ “მაგთის” მიერ “კავკასუსის” აქტივის შეძენა კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს. შესაბამისად, კომისიამ “მაგთიკომს” “კავკასუს ონლაინის” საოპერაციო აქტივების შეძენის უფლება მისცა.

როგორც ცნობილია, “მაგთიკომს” “კავკასუსის” ყველა იმ აქტივის შეძენა სურს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის, ციფრული სატელეფონო და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს.

“მარეგულირებელმა კომისიამ მისცა წინასწარი თანხმობა “მაგთიკომს” “კავკასუს ონლაინის” საოპერაციო აქტივის შეძენაზე. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი თანხმობა და არ გულისხმობს, რომ ტრანზაქცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რას მოიმოქმედებს ეს 2 კომპანია ჩვენ წინასწარ არ ვიცით”, – განუცხადეს “რეზონანსს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

ნებართვა გაცემულია, საბოლოო გადაწყვეტილება კი ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც “კავკასუს ონლაინი” და “მაგთიკომი” ფინანსურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავენ. თუ იგი შედეგიანი აღმოჩნდა, “კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის სეგმენტი “მაგთიკომის” მფლობელობაში გადავა. ამ შემთხვევაში, ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზარი კიდევ უფრო გამსხვილდება, “მაგთიკომი” ინტერნეტის 40%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის – 61%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის თითქმის 40%-ის მფლობელი გახდება.

შესაძლოა კომისიის  სხდომა “მაგთიკომისთვის” სასიკეთოდ დასრულდა, მაგრამ ზოგადად არც მთლად ისეა საქმე, როგორც ამ კომპანიას სურს. საქმე ისაა, რომ “კავკასუს ონლაინის” აქტივების შეძენის მსურველთა რიცხვი “მაგთიკომით” არ ამოიწურება. ინტერნეტ პროვაიდერის საცალო სეგმენტის ხელში ჩაგდებისთვის რუსული “ვიმპელკომი”, იგივე “მობიტელიც” (“ბილაინი”) იბრძვის.

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მობიტელმა” განაცხადი 13 ნოემბერს უკვე შეიტანა. კანონის შესაბამისად, კომისია აღნიშნულ საკითხს 15 სამუშაო დღეში განიხილავს, დაიწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, რის შემდეგად გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ნებართვა.

თუ მარეგულირებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ “მობიტელის” მიერ “კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის სეგმენტის შეძენისას კონკურენციის პირობები არ დაირღვევა, მაშინ “კავკასუსს” მოლაპარაკების გამართვა ორ კომპანიასთან მოუწევს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას იმის სასარგებლოდ მიიღებს, რომელიც უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებს.

“კავკასუს ონლაინში” იმედი აქვთ, რომ მარეგულირებელი კომისია, “მაგთიკომის” ანალოგიურად, “მობიტელის” შემთხვევაშიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ, როგორც “რეზონანსს” კომპანიაში განუცხადეს, ისინი უახლოეს პერიოდში, ერთი მხრივ, “მაგთიკომთან” და მეორე მხრივ, “მობიტელთან” აქტიური მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გეგმავენ.

“ახლა უკვე ის ეტაპია, რომ “მაგთიკომთან” დავიწყოთ მოლაპარაკება ფინანსურ საკითხებზე. აქამდე აუცილებელი იყო, მარეგულირებლის ნებართვა, რათა გარიგება შემდგარიყო. რაც შეეხება “მობიტელს”, იმედი გვაქვს, კომისია აქაც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ გავასწრებთ მოვლენებს წინ და ამ კომპანიასთანაც დავიწყებთ მოლაპარაკების პროცესს. უკვე შემდგომ კი შევარჩევთ, რომელ მათგანთან გაერთიანდება “კავკასუს ონლაინი” ან რომელ კომპანიას მივყიდით ჩვენს აქტივებს. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ცნობილი 2016 წლის პირველ კვარტალში გახდება”, – განუცხადეს “რეზონანსს” “კავკასუს ონლაინში”.

ის, რომ “ვიმპელკომს” “კავკასუს ონლაინის” შეძენის დიდი სურვილი ჰქონდა, “რეზონანსთან” საუბრისას “კავკასუსის” დამფუძნებელმა მამია სანადირაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ეს გარიგება შედგა და ბაზარზე რუსული კომპანია შემოვიდა, მის ხელში აღმოჩნდება კაბელი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. ამით კი რუსეთს ყველა მიმოწერის, სატელეფონო ზარის გაკონტროლება შეეძლება.

საქმე ეხება 1200-კილომეტრიან კაბელს, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა, საინფორმაციო ნაკადის კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. აღნიშნული კაბელი შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და საქართველოს ინტერნეტი უმოკლესი გზით პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. ამ მაგისტრალით “კავკასუს ონლაინი” სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში – 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

წყარო: “რეზონანსი”

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი მანანა კობახიძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაგლდანში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსი სრულად აღდგენილია