რურუა ზურაბიშვილზე: მას გამარჯვებულად არ ვთვლი, რადგან ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ადამიანი აიღეს და პარლამენტში დადეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა აცხადებს, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგან მმართველი ძალის მიერ გამოყენებული იყო როგორც ადამიანების დაშინების, ასევე მოსყიდვის ფაქტები.

რურუამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისეთი საარჩევნო გარემო არ ყოფილა, სადაც მოქალაქეები საკუთარ ნებას თავისუფლად გამოხატავდნენ.

„როგორ შეიძლება, ის ადამიანი იყოს გამარჯვებული, რომელიც ხალხს არ ელაპარაკებოდა, პროგრამა არ ჰქონდა და ხალხს არ ხვდებოდა?! მას გამარჯვებულად არ ვთვლი. სამართლიან ბრძოლაში გამარჯვებას ნებისმიერ კანდიდატს მივულოცავდი. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ადამიანი აიღეს და პარლამენტში დადეს. მეცინება, მაგრამ ეს სასაცილო არ არის. ცუდია, როცა ასეთი უთანსწორო ბრძოლა იყო და პიროვნული არაფერი მალაპარაკებს. ეს იყო უღირსი, წინასწარ დადგენილი რაღაც, რასაც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სტაგნაციის ერა იწყება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

რურუა ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სახიფათოა, რადგან ისინი ბევრ სისულელეს ჩაიდენენ, რაც საბოლოო ჯამში, მათ „წირვას გამოუყვანს“.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის“ არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიააკმამედ იმამკულიევი: მარნეულში არჩევნების ლეგიტიმაციას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რადგან ეს იყო უღირსი გამარჯვება