20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს იძლევა

რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების, მოკავშირეებთან კონსულტაციების საფუძველს იძლევა,- განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ.

კითხვაზე, უნდა ამოქმედდეს თუ არა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი, მინისტრმა უპასუხა:

„წუხანდელი ინციდენტი იმ ინციდენტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ამ ტიპის ინსტრუმენტის გამოყენებას ამართლებს. საუბარია მოკავშირე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი თვლის, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ცხადია, მე-4 მუხლის ამოქმედება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ეს იმ ვარიანტებთან დაკავშირებული დისკუსიების ნაწილია, რომლებიც ამჟამად გვაქვს“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც რუმინეთს შეუძლია.

კითხვაზე, მოიწვევენ თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას და განიხილა თუ არა მან ეს საკითხი პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან, მინისტრმა უპასუხა, რომ განხილვები მიმდინარეობს.

„პრეზიდენტმა დღეს უნდა გააკეთოს საჭირო განცხადებები. პრეზიდენტის პრეროგატივაა, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭო და შესაბამისად, აცნობოს ფართო საზოგადოებას ამის შესახებ. როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე მე მუდმივ კონტაქტზე ვართ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ინფორმაცია მიიღო ნატ-ოს გენერალურმა მდივანმაც“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ერთად გაიარონ კონსულტაციები, როდესაც რომელიმე მათგანის აზრით, მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი პაპუნა ლოცულაშვილზე: მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ ვლინდება
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს