რუმინეთი უკრაინაზე თავდასხმისას რუსული დრონების საკუთარ საჰაერო სივრცეში შეჭრის ფაქტებს მკაცრად აფასებს და დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, გეგმავს თუ არა ქვეყანა დამატებით ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც გალატში მომხდარი ინციდენტის გამო კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დაიხურა, ხოლო რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუმინეთი რუსეთისგან მეტ პასუხისმგებლობას მოელის.
„იმედი მაქვს, მსგავსი შემთხვევები შეწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სხვა ზომებიც. დიპლომატიურ ზომებს თავისი იერარქია აქვს, მაგალითად, რუსეთის ელჩის გაძევება“, – აღნიშნა ნიკუშორ დანმა.
მისივე განმარტებით, ბუქარესტს ეჭვი არ ეპარება, რომ ქალაქ გალატში ათსართულიან კორპუსს სწორედ რუსული წარმოშობის „გერან-2“-ის ტიპის დრონი დაეჯახა. პრეზიდენტის თქმით, რუმინელმა სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს ანალოგიური, აფეთქების გარეშე ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირით ადრე აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ გალატში რუსული დრონის საცხოვრებელ კორპუსთან შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ორი ადამიანი დაშავდა.

















