„რუხი მგელი“ საქართველოს ციხეში

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე ერთი კვირაა წინასაექსტრადაციო პატიმრობაში თურქეთის მოქალაქე სერქან კურტულუში იმყოფება. მას ბათუმის სასამართლომ 3 თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა. კურტულუში 27 ივნისს ბათუმში დააკავეს. ის სირიაში რუსი მფრინავის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ურტულუში ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას თურქეთის პროკურატურა ორგანიზებულ დანაშაულებრივი დაჯგუფის შექნას ედავება, რომელმაც მათივე ინფორმაციით, ჯამში ბიზნესმენებზე 26 შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. ასევე დაკავებული იყო ადამიანების გატაცებით, შანტაჟით, დაშინებითა და ფულის გამოძალვით. კურტულუშს 2017 წლის დეკემბერში იზმირში ერთი ბიზნესმენის მკვლელობაშიც ედება ბრალი.
კურტულუში თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ აქტიური წევრია. ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ, „ამერიკის ხმა” ავრცელებს. მათივე ინოფრმაციით, კურტულუში საქართველოში ხშირად ჩამოიდიოდა.
გამოცემის ინფორმაციით, სერქან კურტულუში თურქეთის კიდევ ერთ მოქალაქე არფასლან ჩელიქთან ერთად თურქეთის გარკვეულ ისლამურ და ნაციონალისტურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ ერაყის, შემდეგ კი სირიის სამოქალაქო ომში, იქ მცხოვრები თურქულენოვანი უმცირესობის – თურქმანების მხარდასაჭერად. სწორედ მათ სახელს უკავშირდება 2015 წლის 25 ნოემბერს რუსი სამხედრო მფრინავის ოლეგ პეშკოვის მკვლელობა.
რუსეთის არმიის ბომბდამშენი SU-24M, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქმანული ბრიგადების პოზიციებს ბომბავდა თურქეთის არმიის F16-მა ჩამოაგდო. კატაპულტირების დროს ერთი რუსი პილოტი გადარჩა, მეორეს – პეშკოვს კი ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს და მოკლეს. მფრინავს რვა ტყვია მოხვდა. იმავე დღეს, რუსი პილოტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არფასლან ჩელიქის ბრიგადამ აიღო, რომელშიც სერქან კურტულუშიც შედიოდა. ჩელიქმა სოციალურ ქსელში ვიდეოც ატვირთა, სადაც ხელში რუსი პილოტის პარაშუტის ნაწილი ეჭირა და მისი მკვლელობის დეტალებს ყვებოდა.
2016 წელს, თურქეთმა ჩელიქი, კურტულუში და კიდე 18 თურქი ნაციონალისტი რუსეთის ზეწოლით იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავა, თუმცა სასამართლომ ისინი მალევე გაათავისუფლა. ჩელიქი მოსკოვის ზეწოლით ხელმეორედ 2017 წელს დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმში, სერქან კურტულუშის დაკავებამდე, „იზმირის შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების“ წინააღმდეგ თურქეთის მასშტაბით დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის ფარგლებში სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, მუღლაში, ართვინსა და ტრაბზონში 53 ადამიანი დააკავეს და ამოიღეს არალეგალური ცეცხლსაროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები და სნაიპერული შაშხანები.

წყარო: amerikiskhma.com

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია საფრანგეთის შს მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიადააკავონ ის პირები, ვინც ჩემს მიმართ ჯაშუშობდა – ზვიად კუპრავამ სოფო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა