“რუკა არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს” – რას ამბობდა ივერი მელაშვილი დაკავებამდე 2 დღით ადრე

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის თქმით, 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიმებს არ აკმაყოფილებს. ის დაკავებამდე ორი დღით ადრე, TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა.

“ეს რუკა ჩვენმა ექსპერტებმა ნახეს, მოიძიეს ერთერთ ორგანიზაციაში, თავიდან გაგვიხარდა, მაგრამ ისე, როგორც ყველაფერს, ამ რუკასაც ჩაუტარდა ანალიზი. თუ შეადარებთ ამ რუკას სხვა წლების გამოცემებს, დავინახავთ, რომ ერთი და იგივე რუკის ელემენტი, სიტყვაზე გეოდეზიური პუნქტი, რკინიგზა, კვეთა, ხევი, ხრამი, მდინარე არ ემთხვევა, ანუ ცდომილება არის დაახლოებით 240-300 მეტრი. ეს ვერ გამოდგებოდა საზღვრის შესათანხმებლად, არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. ამის არგუმენტად მეორე მხარისთვის წარდგენა არ შეიძლებოდა, მეორე მხარეც მარტივად ჩაატარებდა ექსპერტიზას და აღმოვჩნდებოდით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში” – თქვა ივერი მელაშვილმა პოლიტიკის ფორმულაში.

მას სურს, რომ გამოძიება მალე დასრულდეს და “გაირკვეს მტყუანი და მართალი”. იქამდე კი, ივერი მელაშვილი ყველას სთხოვს, ნუ ეცდებიან თემით ანგაჟირებას და ვიღაცის მოღალატედ გამოცხადებას.

“პირველ რიგში ქართველი ვარ, მერე ვარ საგარეოს თანამშრომელი, ექსპერტი ან რაღაცა, მე მაქვს ჩემი სიამაყე, ღირსება, არავის მივცემ ამის შებღალვის უფლება, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს. უღირსი ბრალდება არ შეიძლება ვინმეს შერჩეს, არ შეიძლება ასეთი ბრალდების ასე გაჟღერება. არ ვაცადოთ გამოძიებას და ისე მლანძღონ? ნურას უკაცრავად, არავის ამის საშუალებას არ მივცემ, გინდა ერი იყოს, გინდა სასულიერო პირი, ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს” – ამბობდა ივერი მელაშვილი ორი დღის წინ.

banner
წინა სტატიაშიდანიაში საქართველოს ელჩი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, ბრალდება აბსურდულია
შემდეგი სტატიააბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება