აშშ-სა და რუსეთს შორის მიმოსვლა შეზღუდულია, თუმცა მსგავსი ვირუსული საფრთხეები ყურადღებას მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, მარკო რუბიომ მედიაში გავრცელებულ იმ ცნობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელთა თანახმადაც რუსეთში ლაბორანტი ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა.
„აშშ-სა და რუსეთს შორის მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდულია, თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი რამ გარეთ გამოჟონავს, შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და თვალყურს ვადევნებთ. ვფიქრობ, ეს განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, თუმცა ყურადღება და თვალყურის მიდევნებაა საჭირო. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ“, — განაცხადა რუბიომ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტი, დარია შიპილოვა ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიით, მას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური გავრცელებულ ცნობებს უარყოფს. უწყების განცხადებით, შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა.
ასევე აცხადებენ, რომ ირკუტსკის ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას არანაირი ავარია არ მომხდარა.
















