გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს X-ზე გამოქვეყნებული სტატუსით ეხმიანება, სადაც ის კობახიძეს მიმართავს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე არ ინერვიულოს.
“ძვირფასო ირაკლი კობახიძე, არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე. მაგრამ ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? შევხვდეთ და ვისაუბროთ!
მინდა დაგპატიჟოთ თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში. ორშაბათს თავისუფალი იქნებით?”, – წერს როთი.
**
8 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას 3 ევროპელი ლიდერის, მათ შორის გერმანიის კანცლერის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა და თქვა, რომ “ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია” და “გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის”.
“ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს განცხადებებს”, – თქვა კობახიძემ.