როსტურიზმი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შესაძლო რისკების შესახებ აფრთხილებს

როსტურიზმი რუს ტურისტებს 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ყოფნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როსტურიზმი ტუროპერატორებს სთხოვს, ტურისტებს შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

“როსტურიზმი დაჟინებით მოუწოდებს ტუროპერატორებს, რომლებიც საქართველოში ტურების რეალიზებით არიან დაკავებული, აცნობონ ტურისტებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული რისკების შესახებ, და მოუწოდებს რუს ტურისტებს, რომლებიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მოერიდონ მოქალაქეების აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს, არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებსა და არ დაესწრონ დემონსტრაციებს”, – ნათქვამია როსტურიზმის განცხადებაში.

ამასთან, უწყება მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა და საგანგებო ვითარების შექმნის შემთხვევაში მისდიონ ხელისუფლების მითითებებს.

6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული ცენტრმა საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, 8 ოქტომბერს მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების გამართვის ადგილებს მოერიდონ.

banner
წინა სტატიაში“8 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება”- ვანო მერაბიშვილის განცხადება
შემდეგი სტატიაქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი 478-მდე გაიზარდა