თბილისში არსებული ლიფტების მნიშვნელოვან ნაწილს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდა, დაზიანებული დეტალების შეკეთება კი პრობლემას ვერ აგვარებს. ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა და კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“ ისაუბრა.
როსტომაშვილის თქმით, დედაქალაქში არსებული დაახლოებით 11–12 ათასი ლიფტის 60%-მდე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებშია დამონტაჟებული. მათ 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა ჯერ კიდევ 1995 წელს გაუვიდათ, რის გამოც აუცილებელია მათი სრული ჩანაცვლება და არა კუსტარული შეკეთება.
თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც. მისი განცხადებით, პრივატიზაციის შემდეგ ლიფტები მცხოვრებთა საკუთრება გახდა, თუმცა სისტემური მიდგომის არარსებობის გამო პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ ლიფტებს ავტომობილების მსგავსად სჭირდება სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო სახელმწიფოს როლი იმ ლიფტების დალუქვაში უნდა გამოიხატოს, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.








