რომლებიც დღეს ჩემს დიპლომს ეჭვქვეშ აყენებენ, უმჯობესი იქნებოდა, თავიანთ არქივში ჩაეხედათ -თადუმაძე

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა კონტრაქტით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დღეს მისი დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ასეთ ორგანიზაციებს შორის შალვა თადუმაძემ „ღია საზოგადოება საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაასახელა.

„სასაცილო ვითარებაა შექმნილი, ჩემი დიპლომის შესახებ ინფორმაცია დევს „ღია საზოგადოება საქართველოს“ საიტზე, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი იწვევს ეჭვს. აღნიშნულ ორგანიზაციას ოთხი წელი დაკონტრაქტებული ვყავდი, როგორც იურისტი, ადვოკატი. ეს ადამიანები ჩემი კვალიფიკაციით, მათ შორის, ჩემი დიპლომით კმაყოფილი იყვნენ და ოთხი წელი საკმაოდ მაღალანაზღაურებად იურისტად ვითვლებოდი პროგრამებში, რომლებსაც „ღია საზოგადოება საქართველო“ და „ღია საზოგადოების“ ცენტრალური ოფისი აფინანსებდა. არ ვიცი, ვინ არის ხელმძღვანელი დღეს ამ ორგანიზაციის, მაგრამ ამ ინსტიტუტს რეპუტაცია აქვს და, როდესაც ასეთ რამეს აკეთებს, უმჯობესი იყო, თავის არქივში ჩაეხედა და ენახა, შალვა თადუმაძეს დიპლომი ჰქონდა თუ არა. რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, რომელიც ამ კოალიციის წევრია და, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მას ორი წელი ჰქონდა კონტრაქტი ამ დიპლომით კონკრეტულ იურიდიულ მომსახურების გაწევაზე. აქ არის საერთაშორისო ორგანიზაცია „პროლოგი“, რომლის დირექტორიც გიორგი ჩხეიძე იყო საკონკურსო კომისიის წევრი, რომელშიც მე ამ დიპლომით და ჩემი ავტობიოგრაფიით გავედი და გავიმარჯვე. ახლა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩემ დიპლომზე რომ საუბრობს, მესმის, რომ მის დღევანდელ თავმჯდომარეს საზოგადოებრივი რეპუტაცია არა აქვს, მაგრამ მე როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ძალიან ბევრი რამე მივიღე, როგორც იურისტმა. გული მწყდება, როდესაც ეს ორგანიზაცია თავის არქივში არ ეძებს, ვინ არის შალვა თადუმაძე და ქმნის სურათს, რომელიც მერე უნდა დაიდგას თაღლით, უდიპლომო შალვა თადუმაძეზე, რომელსაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ თავის დროზე კონტრაქტებს უფორმებდა. აგრეთვე, ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ჩემი დიპლომის ძებნით, მე მგონია, რომ სახელმწიფოსთვის, რამოდენიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის და თავად ეკა გიგაურისთვის არ იქნება უმჯობესი, მე დღეს ამ ტრიბუნაზე, ამ ფორმატში ამაზე რამე განცხადება გავაკეთო“, – განაცხადა თადუმაძემ.

ამასთან, თადუმაძის მოსმენისას დეპუტატმა ლევან კობერიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ დიპლომთან დაკავშირებული საკითხის გამო უნდა გადადგეს ან უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც დიპლომის ნამდვილობას გაარკვევს.

ამ მოსაზრებას შალვა თადუმაძემ უპასუხა: „რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ, რომ ვიღაცა ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისია გვინდა, გვაქვს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი? დიპლომი არ მაქვს დასამალი, რადგან 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი, შეიძლება ითქვას არც ერთი ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი, მაგრამ არასოდეს არავის ჩემი დიპლომიც კი, 2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია და ახლა იმიტომ, რომ რამოდენიმე არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემ დიპლომზე, ამიტომ მე 18 წელი ჩემი მუშაობის გადავდო და დაველოდო, საგამოძიებო კომისია რას იტყვის, არის თუ არა ჩემი დიპლომი ნამდვილი? ახლავე გეუბნებით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი, რადგან ის ნამდვილია, ვინმეს მოწონს თუ არა ეს დიპლომი, გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა, ეს დიპლომი მიმეღო, მივიღე და ამ დიპლომით ჩემი კარიერა შევქმენი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

banner
წინა სტატიაშითამთა თოდაძე – შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ეს იქნება – ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!