რომის პაპმა საქართველოს პრეზიდენტს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო.

მონსინიორ სოლჩინსკიმ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში რომის პაპის მნიშვნელოვანი ვიზიტის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა და პაპ ფრანცისკეს მადლობის წერილი პირადად გადასცა.

„მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, თქვენი გულითადი მასპინძლობისათვის. მადლიერი ვარ ჩემი ვიზიტის ორგანიზებისას თქვენი და მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისათვის და მადლობას გიხდით ჩემდამი თქვენ მიერ გამოხატული გულისხმიერებისა და სტუმართმოყვარეობისათვის.

ქართველი ხალხის ღრმა რწმენითა და კულტურით შთაგონებული, ყოველთვის დიდი სიყვარულით მოვიგონებ ჩემს სტუმრობას თქვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააღრმავებს მეგობრულ კავშირს წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის და ხელს შეუწყობს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას მორწმუნე და კეთილგანწყობილ ხალხებს შორის.

ვლოცულობ თქვენი აღმატებულების, თქვენი მეუღლისა და შვილებისათვის, სრულიად საქართველოს ძვირფასი ხალხისათვის და შევავედრებ ყოვლისშემძლე უფალს დალოცოს თქვენი ერი“, – აღნიშნულია რომის პაპის წერილში.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთმა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ქვედანაყოფი შექმნა
შემდეგი სტატიამოსახლეობა მოსულს ტოვებს (ფოტო)