რომის პაპი: მსურს, ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხთან

მსურს, გულწრფელად ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხთან, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს, რომლის სტუმართმოყვარე ბუნება, სრულიად მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა საპატრიარქოში შეხვედრის დროს განაცხადა.

„ღვთის განგებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს და გულმოწყალებას, ერთობასა და მშვიდობას მოწყურებული მსოფლიოს წინაშე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ შორის არსებულ კავშირებს ახალი ბიძგი მივცეთ, ახალი გზნებით აღვავსოთ. სწორედ ამის ნათელი ნიშანია ჩვენი მშვიდობის ძმური ამბორი. სამოციქულო ქადაგებაში, განსაკუთრებით კი ანდრია მოციქული, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და პეტრე მოციქულის მოწაფეობაზე დაფუძნებული რომის ეკლესიას დღეს აქვთ მადლი, სამოციქულო ძმობის, სიმშვენიერის განახლებისა. იესო ქრისტეს სახელით და მის სადიდებლად. მართლაც, პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. იესომ უხმო მათ, რათა მიეტოვებინათ ბადე და ერთად გამხდარიყვნენ ადამიანთა მებადურნი. უძვირფასესო ძმაო, დაე, უფალმა იესომ ახლებურად შემოგვხედოს. დაე, კვლავაც მივყვეთ მის მოწოდებას, რათა მივატოვოთ ყოველივე ის, რაც გვაბრკოლებს უფლის სუფევის ერთად განცხადებაში.ამაში ის სიყვარული დაგვეხმარება, რომელმაც მოციქულთა ცხოვრება გარდაქმნა. ეს შეუდარებელი სიყვარულია უფლის მიერ ხორცშესხმული, არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრისთვის”, – განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკე პირველმა „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ უფლისეული სიყვარული აღამაღლებს წარსულის გაუგებრობებზე, აწმყოს ანგარიშიანობასა და მომავლის შიშზე.

„დიდი ქართველი პოეტი თითქოს ჩვენ მოგვმართავდეს თავისი ცნობილი სიტყვებით: წაგიკითხავს, სიყვარულსა, მოციქულნი რაგვარ წერენ, ვით იტყვიან, ვით აქებენ, ცან‚ ცნობანი მიაფერენ, სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ. მართლაც, უფლისეური სიყვარული აღგვამაღლებს, წარსულის გაუგებრობებზე, აწმყოს ანგარიშიანობასა და მომავლის შიშზე.ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე დაამოწმა ამ სიყვარულის სიდიადე. სწორედ იქიდან იკრებდა იგი ძალას, რათა ათას ჭირვარამგამოვლილი კვლავ ფეხზე წამომდგარიყო. სწორედ მაშინ მიაღწია მან ხელოვნების გასაოცარ მწვერვალებს. მართლაც, კიდევ ერთი დიდი პოეტისა არ იყოს, უსიყვარულოდ ხომ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე და ადამიანთათვის არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება. სიყვარულში ჰპოვებს ყოფიერების არსს თქვენი კულტურული მემკვიდრეობის უკვდავი სილამაზე მრავალი ფორმით გამოხატული, როგორიცაა მუსიკა, ფერწერა, ხუროთმოძღვრება, ცეკვა. თქვენ, უძვირფასესო ძმაო, ღირსეულად გამოხატეთ ეს სილამაზე, თქვენი არაჩვეულებრივი საეკლესიო გალობით. ზოგიერთი მათგანი ლათინურ ენაზე დაწერილი და ამდენად, განსაკუთრებულად ძვირფასია კათოლიკური ტრადიციისათვის. ისინი ამდიდრებენ თქვენს რწმენასა და კულტურის საუნჯეს, რომელიც მთელი საქრისტიანოსა და კაცობრიობის უნიკალური მონაპოვარია. იმსახურებენ ყოველმხრივ აღიარებასა და დაფასებას”, – განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, ქართულ მიწაზე სახარების დიადი ისტორია განსაკუთრებით დავალებულია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს წინაშე, რომელმაც რწმენა ვაზის ლერწისგან გამოსახული ჯვრით გაავრცელა.

“ეს ჯვარი ქრისტეს სხეულს როდი იყო მოკლებული. ვაზის სახება ხომ ამ მიწისათვის ეგზომ ძვირფასი ნაყოფის გარდა, თვით იესო ქრისტეს განასახიერებს. მართლაც, იესოც ხომ ჭეშმარიტი ვაზია. აკი სთხოვა კიდეც თავის მოციქულებს, დარჩენილიყვნენ მასში როგორც ლერწები, რათა ნაყოფი გამოეღოთ. უძვირფასესო ძმაო, სახარებამ დღესაც რომ გამოიღოს ნაყოფი, მოგვეთხოვება კიდევ უფრო განვმტკიცდეთ უფალში და ჩვენს ერთობაში. დაე, თქვენი ქვეყნის მრავალრიცხოვან წმინდანთა დასმა გაგვაძლიეროს, რათა სახარება ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ და განვავრცოთ იგი ისე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით. იმაზე მეტადაც კი, გავთავისუფლდეთ წინასწარ შექმნილი წარმოდგენებისაგან და გავეხსნათ ღმერთის მარადიულ სიახლეს. სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს, პირიქით, ვეცადოთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. გავუზიაროთ ერთმანეთს რწმენის მაცოცხლებელი დვრიტა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ერთურთისათვის ლოცვა, ვითანამშრომლოთ მოციქულებრივი სიყვარულით, რათა ერთად დავამოწმოთ სახარება ზეცაში უფლის სადიდებლად, მიწაზე – მშვიდობის მსახურებისათვის. ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისთვის ყველაზე ძვირფასი ფასეულობების სადღეგრძელო, სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. კვლავ შეგვახსენებს პოეტი”, – აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკა პირველმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან მეგობრობა სურს.

„მსურს, გულწრფელად ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს, რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულიად მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს, მიუხედავად უამრავი სირთულისა. ეს დადებითი სულისკვეთება ხომ რწმენიდან იღებს სათავეს, სწორედ ამიტომაც შესთხოვენ ღმერთს სადღეგრძელოში სუფრასთან მსხდომნი ქართველნი საყოველთაო მშვიდობასა და მტერსაც კი არ ივიწყებენ სადღეგრძელოში. მოწოდებულნი ვართ მშვიდობითა და მიტევებით ვძლიოთ ჩვენს ნამდვილ მტრებს. უხორცოსა და უსისხლოს, ბოროტ სულებს. ჩვენს გარეთ და ჩვენს შიგნით. ეს მიწა მდიდარია მამაცი სახარებისეული გმირებით, რომელთაც წმინდა გიორგის მსგავსად სძლიეს ბოროტებას. უამრავი ბერ-მონაზონით და განსაკუთრებით კი, უამრავი წამებულით, რომელთა სიცოცხლემაც სარწმუნოებითა და მოთმინებით გაიმარჯვა. გაიარა ტკივილის საწნახელში და არ განეშორა უფალს. ამგვარად გამოიღო აღდგომის საპასექო ნაყოფი. მორწყა რა ქართული მიწა სიყვარულისათვის დაღვრილი სისხლით დაე, მათმა შუამდგომლობამ მოჰგვაროს შვება უამრავ ქრისტიანს, რომლებიც დღესაც იდევნებიან და ეწამებიან მთელს მსოფლიოში და გააძლიეროს ჩვენში კეთილის სურვილი და ნება, ძმური ერთობისა, მშვიდობის, სახარების გასაცხადებლად”, – განაცხადა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება დ იგივეს ვუსურვებ მომავალ მოსამართლეებსაც”
შემდეგი სტატიაქედაში მაშველები დაკარგულ ჰოლანდიელ მამაკაცს ეძებენ