რომის პაპი ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ყველას მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ. ამის შესახებ პაპ ფრანცისკეს მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც რომის პაპი აღნიშნავს, ვაქცინაცია არის მარტივი, თუმცა საფუძვლიანი გზა საერთო სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის. რომის პაპის განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების იმედს იძლევა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

თავად რომის პაპი მიმდინარე წლის მარტში აიცრა, განაცხადა რა, რომ ეს მისი ეთიკური ვალდებულება იყო.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, კორონავირუსის ვაქცინები საყოველთაოდ ძირითადად მდიდარ ქვეყნებში არის ხელმისაწვდომი, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ შექმნილი ვაქცინის მიმართ უნდობლობის გამო, ბევრი ადამიანი უარს აცხადებს მის მიღებაზე, რაც მათ ვირუსის მიმართ დაუცველს ხდის, განსაკუთრებით დელტა ვარიანტის მიმართ.

მიუხედავად ამისა, ღარიბ ქვეყნებს ჯერჯერობით არ აქვთ წვდომა ვაქცინების მარაგზე. სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, თუ ვაქცინებზე წვდომა ყველას არ ექნება, შესაძლოა, ვირუსის კიდევ უფრო საშიში ვარიანტები განვითარდეს.

banner
წინა სტატიაშიადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, აცრა ბინაზე ჩაუტარდებათ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა