რომის პაპმა ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობამ მსოფლიო „ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისამდე“ მიიყვანა.
სააგენტო „როიტერის“ (Reuters) ცნობით, პაპის გამოსვლა ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოში ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი ფორმატის მიმართვა ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა. პონტიფიკოსმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, ძალისხმევა ომების დასრულებისა და მიგრანტების მხარდაჭერისკენ მიმართონ.
„მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას”,_ აცხადებს რომის პაპი ლეო XIV.
პაპმა ლეო XIV-მ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მან საგანგაშო ტენდენცია უწოდა იმ ფაქტს, რომ თავდაცვაზე გაწეულმა დანახარჯებმა გასულ წელს, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
რომის პაპი 6-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულ საზეიმო წირვას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
არსებული ინფორმაციით, პონტიფიკოსი 25-28 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
















