1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა თბილისში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს. საქართველოს სსრ ადგილობრივი ხელისუფლება უკვე 8 აპრილს, ღამის 12 საათის შემდეგ დატოვეს “ოფსაიდში” და რუსთაველზე “სიტუაციის მოგვარების” საქმე იგორ როდიონოვმა გადაიბარა.
უკვე 9 აპრილის ღამეს, 3:30 საათისთვის ოპერაციის ხელმძღვანელის გენერალ- პოლკოვნიკ ი. როდიონოვის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების თანახმად, ლენინის მოედანზე განლაგდა ჯარი, რომელსაც დაევალა მთავრობის სახლის წინ მოედანსა და რუსთაველის პროსპექტიდან რესპუბლიკის მოედნამდე მომიტინგეთა გაძევება. მის შემადგენლობაში იყო:
განსაკუთრებული დანიშნულების ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის მე-4 მოტომსროლელი პოლკი (გდცმდ-ის მე-4 მმპ), ქ. მოსკოვი
— 650 ადამიანი;
განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმი (გდმრ), ქ. პერმი — 120 ადამიანი;
გდმრ, ქ. ვორონეჟი
— 40 ადამიანი;
მილიციის უმაღლესი სკოლა (მუს), ქ. გორკი
— 450 ადამიანი;
მე-8 მოტომსროლელი პოლკი (მე-8 მმპ), ქ. თბილისი — 650 ადამიანი,
საქართველოს სსრ შსს — 250 ადამიანი (მათმა უმრავლესობამ თანამოქალაქეების დაცვაზე იზრუნა და ცდილობდა, ისინი დაძაბულობის ეპიცენტრისთვის გაერიდებინა);
საჰაერო- სადესანტო პოლკი (სსპ)
— 440 ადამიანი.
ოპერაციაში მონაწილეობდა:
2550 ადამიანი,
6 ჯავშანტრანსპორტიორი,
დესანტის 8 საბრძოლო მანქანა,
4 სახანძრო მანქანა და
2 სანიტარული ავტომობილი…
სხვათა შორის, 1989 წლის მარტში, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების დროს, საქართველოს სსრ-ში, ბორჯომის 660-ე საარჩევნო ოლქში, სახალხო დეპუტატად “ავირჩიეთ”… გენერალი იგორ ნიკოლოზის ძე როდიონოვი…