ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით შემოსული განაცხადების მხოლოდ 6.56% დასრულდა დადებითი გადაწყვეტილებით, რაც კანონში შესული ცვლილებების ფონზე კვლავ დაბალ მაჩვენებლად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ათასს აჭარბებს, სახელმწიფომ სტატუსი მხოლოდ 103 პირს მიანიჭა. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში თავშესაფარს ძირითადად ინდოეთის, თურქეთის, უკრაინისა და ირანის მოქალაქეები ითხოვენ.
ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1060 საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, რომელთაგან 386-ს მინიჭებული აქვს ლტოლვილის, ხოლო 674-ს დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი. საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უმრავლესობა რუსეთის, უკრაინისა და სირიის მოქალაქეები არიან. 2025 წელს, 1252-მა პირმა მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, მათგან 8 პირმა სახელმწიფო საზღვარზე. თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა ინდოეთის, თურქეთის, უკრაინისა და ირანის მოქალაქეები არიან.
2025 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე 1572 საქმე განიხილა. თუმცა, დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებელი კვლავაც დაბალია. კერძოდ, განხილული საქმეებიდან, საერთაშორისო დაცვაზე უარი 1318 პირს ეთქვა, 151 განაცხადზე შეწყდა განხილვა თავშესაფრის მაძიებელი პირის მოთხოვნით. მხოლოდ, 89-ს მიენიჭა დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი, ხოლო 14-ს – ლტოლვილის სტატუსი. ამდენად, განხილული საქმეების 6,56% გადაწყდა დადებითად (5.66 % დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი,
ხოლო ლტოლვილის 0.89%).
“საანგარიშო წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი საჩივარი მიიღო, სადაც საუბარი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან არსებული რიგების შესახებ, რის გამოც ვერ ახერხებდნენ თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადის რეგისტრაციას. გარდა ამისა, საანგარიშო წელს ცნობილი გახდა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გახოკიძის ქ. №16) გარკვეულ ნაწილში დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო თანამშრომლების ნაწილი ამავე დეპარტამენტის მიმღებ ცენტრში (მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ: მარტყოფი) იქნენ გადაყვანილნი. შესაბამისად, თავშესაფრის თაობაზე განცხადების იღება და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები სწორედ აღნიშნულ მიმღებ ცენტრში ხორციელდებოდა. საანგარიშო წელს გამოვლინდა ისიც, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტა, ტექნიკური ხარვეზის გამო არ ფუნქციონირებდა. ადგილმდებარეობის ცვლილებასთან ერთად (ქალაქგარეთ გადატანა), ამ სახის ტექნიკური ხარვეზის არსებობა, განსაკუთრებულ დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა 2025 წელს თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირების თვალსაზრისით. მიგრაციის დეპარტამენტის განახლებული შენობა 2026 წლის თებერვალში გაიხსნა.
განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იკვეთება ინფრასტრუქტურული მდგომარეობა სახელმწიფო საზღვარზე. სახმელეთო საზღვრებზე არ არსებობს თავშესაფრის მაძიებელთა განთავსებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, როგორიცაა სათანადო საცხოვრებელი სივრცე, სანიტარიული კვანძები და ა.შ. ასეთ პირობებში, 28-დღიანი შეყოვნების ვადა რეალურად იქცევა არა ადმინისტრაციულ მექანიზმად, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს წარმოშობს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, ნეიტრალურ ზონაში, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებითი განთავსებისათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროში მიმდინარეობდა, კომპლექსური ხასიათის ღონისძიებები და მოსამზადებელ სამუშაოები. სისტემური მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველი 2026 წელს განაგრძობს ამ პირობების შემოწმებას და შეფასებას”, – წერია ანგარიშში.

















