რომელი ქართული წიგნი დაუტოვა ღარიბაშვილმა ვილნიუსის უნივერსიტეტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილნიუსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს და ქართული ენის შემსწავლელ ლიტველ სტუდენტებს შეხვდა.

ვილნიუსის უნივერსიტეტში ამჟამად საქართველოდან 62 სტუდენტი სწავლობს – 33 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ხოლო 29 – გაცვლითი პროგრამებით.

ლიტველმა სტუდენტებმა, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ძალიან უყვართ საქართველო და ჰყავთ ქართველი მეგობრები.

ქართული ენის შემსწავლელი კურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ფუნქციონირებს. 2014-2015 აკადემიური წლის მანძილზე, ქართულ ენას 23 ლიტველი სტუდენტი დაეუფლა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში ქართულ ენას 15 სტუდენტი სწავლობს.
პრემიერმა ვილნიუსის უნივერსიტეტის ობსერვატორია და ბიბლიოთეკა დაათვალიერა, ასევე, ჩანაწერი დატოვა საპატიო სტუმართა წიგნში და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სამახსოვრო საჩუქარი – „ვეფხისტყაოსანი“ და შოთა რუსთაველის მინიატურული სკულპტურა გადასცა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძემ სუს-ის შენობა დატოვა
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, ეს საქმე როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება – არაფრით”