რომელი პაციენტები მიიღებენ საქართველოში „რემდესივირს“

პრეპარატი „რემდესივირი“ არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება, მხოლოდ მძიმე პაციენტებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელსაც დღეს ბრიფინგზე პრეპარატ „რემდესივირთან“ დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ აღნიშნული პრეპარატი ებოლას ეპიდემიის დროს შეიქმნა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში მისი გამოყენების ყველაზე დიდი გამოცდილება ჩინეთს აქვს, ასევე პრეპარატს იყენებენ სხვა ქვეყნებშიც, სადაც ახალი კორონავირუსი არის გავრცელებული და, სადაც „რედესივირი“ ხელმისაწვდომია.

„ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი „რემდესივირთან“ დაკავშირებით. ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს კომპანია „გილიადის“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცერნი და ყველაზე ძლიერი კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში. იგი დასავლეთ აფრიკაში 2014-2015 წლებში ებოლას ეპიდემიის დროს შეიქმნა და გამოიყენებოდა ებოლას დროს. შემდგომ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, როდესაც იანვარ-თებერვალ-მარტში დიდი ეპიდაფეთქება იყო, კერძოდ, უხანში და ყველაზე ფართო, მეტი გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების აქვთ ჩინელებს. ამის შემდეგ აღნიშნული პრეპარატი დღეს გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეპიდემია არის და მოგეხსენებათ, 210 ქვეყანაშია ეპიდემია დღეს, ანუ პანდემია. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია, ეს პრეპარატი გამოიყენება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ჯერ არსებობს არანირი მყარი მტკიცებულება იმისა, რომ „რემდესივირს“ ჰქონდეს განსაკუთრებული როლი „კოვიდ-19“-ის მკურნალობაში. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მისი ეფექტიანობის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „სოლიდარობის კვლევა“ ჩატარდება.

„ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, ამ ტიპის დადასტურებული კვლევები, რომ „რემდესივირს“ აქვს განსაკუთრებული როლი „კოვიდ-19“-ის მკურნალობაში, ანუ, რომ მას ჰქონდეს ისეთი როლი, როგორიც აქვს მაგალითად, „სოფოსბუვირს“ ცე ჰეპატიტის მკურნალობაში, როდესაც ის სრულად კურნავს ადამიანს და „სოფოსბუვირი“ მოქმედებს მაგალითად ცე ჰეპატიტის ვირუსზე. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები და ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჩაატაროს „რემდესივირზე“ ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა, ან თუ მისი სარგებლიანობა დადასტურდა, რამდენად ეთიოტროპულია ის, ანუ მოქმედებს ამ ვირუსზე. ამ ტიპის კვლევას დღეს „სოლიდარობის კვლევა“ ჰქვია, რომელსაც კოორდინირებას უწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ის ჩატარდება მრავალ ქვეყანაში ერთად, ერთ პერიოდში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კვლევაში საქართველოც არის ჩართული, რომელსაც ანტივირუსული პრეპარატიების გამოყენების კარგი გამოცდილება აქვს.

„მათ შორის ჩართულია საქართველოც, იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ანტივირუსული პრეპარატების სხვადასხვა დაავადების დროს გამოყენებისა და მოგეხსენებათ, საქართველოს პრესტიჟი განსაკუთრებით ამაღლდა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისას. ვფიქრობ, ამიტომაც საქართველო შერჩეული იქნა ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანად ამ პრეპარატის გამოყენების. როგორც ვიცი, ამ კვლევის დიზაინი დამთავრებულია, მიმდინარეობს შესაბამისი ექიმებისა და ექთნების ტრენინგი, როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა. ეს იქნება ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ავადმყოფთა შესაბამისად, იქ, სადაც ჩვენებაა მისი დანიშვნის, რადგან „რემდესივირი“ არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება, მხოლოდ მძიმე პაციენტებში, იქნება შესაბამისი საკონტროლო ჯგუფები, რათა ჩვენ მივიღოთ ვალიდური, ანუ მტკიცებულებაზე დამყარებული ინფორმაცია პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერაძე ჩუღურეთში ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება