რომელი მინისტრის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან

რა ინტრიგებია მმართველ პარტიაში, რამ გააოგნა გახარია, რა ელოდება ივანიშვილს, როგორ ჭამენ ჩინოსნები ბიუჯეტის ფულს, რა ამბიციები გაუჩნდა სალომე ზურაბიშვილს, სად უნდა ვეძებოთ სინამდვილეში სამეფო სკანდალები? -ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

_ როცა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს, თქვენ “ახალ თაობასთან” განაცხადეთ, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ელჩების დანიშვნასა და პარლამენტში თავისი ხალხის შეყვანას მოითხოვდა. მან ელჩების დანიშვნა უკვე მოითხოვა, უკვე დანიშნულ ელჩებს კი კაბინეტებში თავისი სურათის დაკიდება მოსთხოვა. თქვენ წლების განმავლობაში იყავით ელჩი, აუცილებელია, რომ ელჩს სამუშაო კაბინეტში პრეზიდენტის სურათი ეკიდოს?
_ ქალბატონი ისეთ მადაზეა, რომ ძალიან ბევრ რამეს მოითხოვს. რაც შეეხება ელჩის კაბინეტში პრეზიდენტის სურათის დაკიდებას, როცა პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირია, მაშინ მისი სურათის დაკიდება საელჩოში ჩვეულებრივი ამბავია. ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული და ამას პრეზიდენტის მოთხოვნა არ სჭირდება.
საქართველოში დღეს მხოლოდ ცერემონიალური დანიშნულების პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს და პრეზიდენტის სურათის გამოკვრა არაა აუცილებელი. ასეთ შემთხვევაში საელჩოებში პრემიერის ფოტო უნდა იყოს, მაგრამ სად გვყავს პრემიერი.
არჩევნების წინ ინტერვიუში გითხარით, რომ არჩევის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურ ტრანსფორმაციას განიცდიდა და იმის საწინააღმდეგოს გააკეთებდა, რის გაკეთებას ჰპირდებოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის პრეზიდენტად მოუვლინეს საქართველოს.
გითხარით, რომ ცოტა ხანი უცხოეთში სიარულით გაერთობოდა, უცხოეთის მოყირჭების შემდეგ კი შიდა საქმეებში ჩაყოფდა ცხვირს. წინასწარ ვიცოდი, რომ ელჩების შეცვლას მოითხოვდა.
ცოტა ხანში ის უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩაყოფს ცხვირს და მინისტრების დანიშვნასაც მოითხოვს, საპარლამენტო არჩევნებისთვის კი “ოცნების” სიაში მინიმუმ 15 კაცის ჩაწერას მოითხოვს.
რაც ვთქვი, ყველაფერი ცხადდება. მე წინასწარმეტყველი არ ვარ და ამიტომ ვხვდები, რა იქნება მომავალში. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად პოლიტიკოსი ვარ და მოვლენებს ვაანალიზებ.
ახლა სალომე ზურაბიშვილი ელოდება, როდის დასუსტდება ბოლომდე ივანიშვილი, რომ მერე პირველი ოპოზიციონერი გახდეს. დაიწყებს ხალხოსნობას და იპოდრომ 2-ის ჩატარებას მოინდომებს. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წამოსულმა იპოდრომზე გამართა პირველი აქცია.
საერთო ენას გამონახავს საპარლამენტო არჩევნებისთვის სოკოებივით წამოჩიტულ პარტიებსა თუ მოძრაობებთან და ჟანა დარკობას დაიწყებს.
_ რაც აქამდე ივარაუდეთ, ყველაფერი გამართლდა. საინტერესოა, ეს პროგნოზიც გაამართლებს თუ არა.
_ რა თქმა უნდა, გაამართლებს. ჩვენ რასაც ვამბობთ, ანალიზის შედეგია. არ ვგავართ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ოღონდ ტელეეკრანზე გამოჩნდნენ და მზად არიან, ათასი სისულელე წამოაყრანტალონ.
ზემოთ ივანიშვილის დასუსტება ვახსენე და ამასთან დაკავშირებით ექსკლუზიურად გეტყვით, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარაზიტების საიდუმლო სერობებია დაწყებული.
_ პოლიტიკურ პარაზიტებში ვის გულისხმობთ და რა საიდუმლო სერობებზეა საუბარი?
_ პოლიტიკურ პარაზიტებში “ოცნების” დეპუტაციის დიდ ნაწილს ვგულისხმობ. საიდუმლო სერობებს ისინი ერთმანეთში მართავენ. “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, აღარ არსებობს, ყველა ცდილობს, როგორმე გაემიჯნოს ამ გაერთიანებას.
პოლიტიკური პარაზიტები საიდუმლო სერობებზე იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ გამოეპარონ ივანიშვილს ან ისე წამოვიდნენ, რომ მასთან მისასვლელად რაღაც ხიდები დატოვონ.
მმართველმა პარტიამ ერთმანეთთან ურთიერთობის ახალი სტანდარტი შეიმუშავა -ინტიმურ-ესემეს ფლირტი. ამათ რომ ვუყურებ, ერთი კარგი ქართული ფილმი, “უძინართა მზე” მახსენდება. ამ ფილმში არის ასეთი ფრაზა: ეს რა უბედურება გვჭირს, ტო! მეც მინდა ვთქვა, ეს რა უბედურება გვჭირს, ტო!
ეს უბედურება საქართველოს ქართველი ამომრჩევლის არაშორსმჭვრეტელობის გამო სჭირს. ჩვენი ამომრჩეველი მართლაც არაშორსმჭვრეტელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წუპაკმაისტერების კოჰორტას არ შემოისვამდა თავზე. მიუნხენის ბაიერნი ხომ არის რეკორდმაისტერი, ესენი არიან წუპაკმაისტერები.
შეესია ეს წუპაკმაისტერების კოჰორტა საქართველოს და ამიტომაც ვიმეორებ, ეს რა უბედურება გვჭირს, ტო!
ხალხს საჭმლის ფული არ აქვს და ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ გარბიან. ქართველი ეთნოსი ყოველდღე მცირდება, შაგრენის ტყავივით მცირდება საქართველოს ტერიტორიებიც და ეს წუპაკმაისტერები პარლამენტში ვიღაცის ინტიმურ პასაჟებზე მსჯელობენ.
ამის გარდა, პარლამენტში მთავარი განსახილველი თემაა, თუ ვინ უნდა ჩაჯდეს იმ დელეგაციაში, რომელიც ევროპაში დადის. ევროპაში ვიზიტით წასვლას ერთმანეთს ასწრებენ, სამაგიეროდ, ხმას არ იღებენ იმაზე, ესპანეთში ქართველ ემიგრანტებს წიხლებით რომ შესდგნენ.
სად არის ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი, თეთრეულივით რომ იცვლის პარტიებსა და პოლიტიკურ მრწამსს?! ხმა არ უნდა ამოეღო იმაზე, რაც ბარსელონაში მოხდა? კარგი, ვთქვათ, იმ 66 კაციდან 20 კრიმინალი იყო, მაგრამ დანარჩენები? ბავშვებსა და ქალებს წიხლებით რომ შესდგნენ, ამაზე ხმა არ უნდა ამოეღოთ?!
სად იყო ამ დროს ემიგრანტებზე მოტირალი და მოვიშვიშე სალომეა, რატომ არ ჩავიდა იქ? იცოდა, რომ ყავითა და ვისკით არავინ დახვდებოდა და ესპანეთში რა უნდოდა.
_ შეიძლება, პროტოკოლი არ ითვალისწინებდა იქ მის წასვლას. ეს ქალი ხომ სულ პროტოკოლით დადის.
_ ამათ პროტოკოლში აშკარად არ ეწერება, რომ საკუთარი მოქალაქეები უნდა დაიცვან. ან ის რა უბედურებაა, ამ ბაგრატიონებზე რომ ატყდა ამხელა ამბავი. ამ სკანდალს კიდევ უფრო აღვივებს ხელისუფლება. მას ყველაზე მეტად აწყობს ეს არეულობა. მერე იტყვიან, ჩვენ რას მოგვჩერებიხართ, ნახეთ, ბაგრატიონებში რა ხდებაო.
ახლანდელები ვინ არიან და ვის ხაზს წარმოადგენენ, არ მაინტერესებს, მაგრამ ბაგრატიონების დინასტია არავისი დასაცინი არაა. ქართველ საზოგადოებას კი ვეტყვი, რა მეფედედოფლობა აგიტყდათ _ მეფეც არჩეული გყავთ და დედოფალიც დანიშნულია. მეფე ბიძინა პირველია, ხოლო დედოფალი -სალომეა II. ქვეყნის სათავეში მეფე და დედოფალი არიან და რომელ დემოკრატიაზეა საუბარი.
_ ზემოთ რამდენჯერმე თქვით, ეს რა უბედურება გვჭირსო. ამ ფრაზით შეიძლება შეფასდეს ის, რაც ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენისას მოხდა. “ოცნების”  ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა, ნახევრად მეგრელი ვარო. მერი მარნეულშიც ასარჩევი ჰყავთ და ნახევრად მარნეულელობას ვინ დაიბრალებს?
_ ოღონდ რამე სარგებელი ნახონ და ყველაფერს იკადრებენ. მარნეულში რა უნდა თქვან, ნახევრად აზერბაიჯანელი ვარო? წინ საპარლამენტო არჩევნებია და ჯავახეთის რეგიონში კანდიდატების წარდგენისას რას იტყვიან, ნახევრად სომხები ვართო?
ამაზე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ერთი ბიჭი ციხეში მოხვდა თაღლითობისთვის. მაშინ კრიმინალური მენტალიტეტი ძალიან ძლიერი იყო ციხეში. პრივილეგირებულად რომ ყოფილიყო, თავისი ნამდვილი მამა უარყო და პატიმრებს უთხრა, თითქოს ერთ-ერთი ცნობილი ქურდის ნაჩუმარი შვილი იყო.
ყველაფერი იკადრა, რომ თავი კარგად ეგრძნო. კოლონიაში დასცინეს და ამ ტყუილს გამო ერთი-ორიც წაუთაქეს თავში. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ ბიჭივით არიან – სადაც ჩადიან, იქაური გენეტიკა აღმოაჩნდებათ ხოლმე.
მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება – ნუ ეთამაშებით საქართველოს რეგიონებს და დაანებეთ სამეგრელოს თავი. `ოცნება~ ყველაფერს აკეთებს, რომ სამეგრელოში სიტუაცია გამწვავდეს, რათა მერე ვინმე სანდრას, მიშას ანდა პეტრეს დააბრალონ, რომ სეპარატიზმს აქვს ადგილი.
მეგრული სეპარატიზმი არ არსებობს, მაგრამ ესენი რაღაც ძალიან ცუდს აკეთებენ და საქართველოს ახალ უბედურებას გადაჰყრიან. სეპარატიზმის გაღვივებაში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ჩაერევიან და ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება.
მერე წავლენ სხვა რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო რთული ვითარებაა და იქ მთლად აურევენ სიტუაციას.
ხელისუფლებას ასევე ვაფრთხილებ, რომ თავი დაანებოს ხალხისა და ბიუჯეტის ხარჯზე მუცლის ამოყორვას. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ხელისუფლებამ ჭამა-სმაზე 9 მილიონი დახარჯა და ეს მაშინ, როცა ხალხი მშიერია.
ჩვენ კიდევ ცოტა ხანი ვაცდით ხელისუფლებას და, თუ ასე გააგრძელეს, ძალიან სერიოზულ კამპანიას ჩავუდგებით სათავეში. ამ კამპანიას ერქმევა -არ გადავიხდით. ხალხს მოვუწოდებთ, რომ გადასახადები არ გადაიხადონ, რადგან ეს ფული ამათ სტომაქსა და ჯიბეში მიდის.
ამ ჩაჩნებს ასევე ვაფრთხილებ, რომ თავი დაანებონ საქართველოს ტერიტორიების ხელყოფას. სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი თუ გადამდგარი ჩინოსნები გველის შხამივით გვაწვეთებენ, დაივიწყეთ დაკარგული ტერიტორიები და ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე შედითო.
მე ადრეც ვთქვი “ახალ თაობასთან” საუბარში და ახლაც გავიმეორებ, რომ “ოცნებას” ერთი სული აქვს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიშოროს. ამ რეგიონებს თუ მოიშორებენ, გრანტების შეჭმის გარდა, სხვა საქმე აღარ ექნებათ.
ახლა ვხვდები, რატომ თქვა სალომეა II-მ, რომ აფხაზეთი არის განგრენა და ის უნდა მოიკვეთოს. ახლა ვხვდები, რატომ ჰყავდა ივანიშვილს “ქართული ოცნების” ბლოკში ერთი პარტია, რომლის წევრებიც აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას უჭერდნენ მხარს.
ვაფრთხილებ ხელისუფლებას, საქართველოს არ დაუკარგონ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი, თორემ უმძიმეს შედეგებს მიიღებენ.
_ მოდით, ივანიშვილზეც ვისაუბროთ. ზემოთ თქვით, რომ ის სუსტდება. რით გამოიხატება მისი სისუსტე?
_ ბევრ რამეში. “ოცნების”  წევრები მის დავალებებს უკვე აღარ ასრულებენ. ერთადერთი გამონაკლისი გიორგი გახარიაა, დანარჩენები თამაშობენ. ისინი დღეს “ოცნების”  ლიდერთან მხოლოდ იმიტომ არიან, რომ რაღაც სარგებელი მიიღონ. საკმარისია, ივანიშვილს ფეხი გადაუბრუნდეს, რომ მაშინვე მიატოვებენ. ამ ხალხმა თავის დროზე სააკაშვილი და შევარდნაძე მიატოვა, ახლაც იგივე მოხდება.
დღეს ივანიშვილს ძალა აღარ აქვს და მისთვის ეს ცუდად დამთავრდება. “ოცნების” ლიდერს ძალა რომ ჰქონოდა, ქვეყანას კორუფცია არ წალეკავდა. კორუფციის ჭაობში ვეფლობით, მაგრამ გინახავთ, ვინმე კორუფციის ბრალდებით დაეჭიროთ? ასეთი რამე არ მომხდარა.
_ სუსის ანტიკორუფციული სამსახური იჭერს ხოლმე ვიღაც-ვიღაცებს კორუფციის ბრალდებით.
_ მერე, ამას ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა? ეს არის ქვეყნისა და ხალხის დაცინვა. კორუფციის ბრალდებით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კატეგორიის ჩინოსნებს აკავებენ ხოლმე. მთავარი კორუმპირებულები თავისუფლად დადიან და ფულს ქაფავენ.
ძალიან ბევრი ფული იშოვეს “ოცნების” ხელისუფლების წევრებმა და მათ ახლა ივანიშვილი აღარაფერში სჭირდებათ, ერთი სული აქვთ, როგორმე გაეპარონ თავიანთ ლიდერს. ასე მგონია, ივანიშვილი ამას ვერ ხვდება.
_ თქვენ ადრე ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ “ოცნების”  ლიდერი მეფე ლირივით მარტო დარჩება.
_ ახლა გეტყვით, რომ კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე, ბიძინა ივანიშვილი მგელ ტოტიასავით დარჩება მარტო, რომელსაც ბოლოს თავისი თანამოძმეები შეჭამენ. აი, ნახავთ, ის ხალხი, ვინც დღეს მის გუნდშია, ცოტა ხანში იტყვის, ეს ჩვენ ვებრძოდით ბიძინასო.
მთლად გულხელდაკრეფილი არც “ოცნების”  ლიდერია. ის ხვდება, რომ პარტიას ვეღარ მართავს და ახალი სტრატეგია მოიფიქრა, აპირებს, პატარ-პატარა პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მასზე გახადოს დამოკიდებული. ახლა ეს არის მისი უპირველესი მიზანი, მაგრამ ამაშიც ცდება. მასთან მოლაპარაკებებს ყველა არ მოისურვებს და, რაც მთავარია, არსებობს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, რომელიც ამ ადამიანს აღარ ენდობა.

ვიცი, რომ ივანიშვილს მართლა უნდა საქმის გაკეთება, მაგრამ ამ გუნდით დანაპირების შესრულებას ვერ ახერხებს.

_ მხოლოდ გახარიას იმედად ყოფილა დარჩენილი და დაპირებების შესრულება გაუჭირდება.

_ გახარიაც არა მყავს დიდი ფუშე, მაგრამ, დანარჩენ მკვდარ სულებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად მოქმედია და, რაც მთავარია, ის პირად საუბრებში არ ატყუებს ბიძინა პირველს, ცუდ ამბებსაც დაუფარავად უყვება.

არ დამავიწყდება მისი ერთი ფრაზა, რომელიც ვიწრო წრეში თქვა. გახარია მაშინ ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, ჯერ კიდევ ეკონომიკური ბლოკის მინისტრი გახლდათ. მან თქვა, ამდენი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩინოვნიკი სხვაგან არსად მინახავს, რამდენიც საქართველოშიაო.

გახარიას იმედად არის დარჩენილი ივანიშვილი, მაგრამ, ისე მძიმედ აქვს საქმე, 300 სპარტელიც კი ვეღარ უშველის. თითქმის ყველა სფეროს ადამიანი გადაიმტერა. ზოგჯერ ტაქსითაც მიწევს მგზავრობა და ყველა ტაქსისტი ამათ აგინებს. ერთმა მათგანმა მითხრა, სააკაშვილი მეზიზღება, მაგრამ, ერთი სული მაქვს, ჩამოვიდეს, ამათ ხომ მაინც დაიჭერსო.

“ოცნებამ” დაგვაკარგვინა 7 წელი, ქვეყანას ჭაობისკენ მიაქანებენ, რომ მერე ისევ სისტემური დანაშაულის შემქმნელი ინატროს საზოგადოებამ _ ოღონდ ესენი მოგვაცილოს და ჯანდაბას, ჩამოვიდეს და ხალხი დაიჭიროსო.

_ ტაქსები ვახსენეთ და რას ფიქრობთ იმაზე, რომ ტაქსები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს?
_ ეს არის სამარცხვინო. 600-ლარიანი ვაუჩერები დაურიგეს მძღოლებს ტაქსების გადასაღებად, რაც საკმარისი არ არის. მანქანის გადაღებვა, სულ მცირე, 1.500 ლარი მაინც ჯდება. ან ამ ტაქსებს რომ მიადგნენ, აქოთებულ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს მიხედონ, მაგრამ მათ ხელს არ ჰკიდებენ, იმიტომ რომ თბილისის მერიაში ამ ხაზებს ვიღაც-ვიღაცები პატრონობენ.
მოკლედ, სადაც ფულის სუნია, იქ ტრიალებს მერიაც. ან ბეჰემოთის ძეგლის დადგმა რას აიჩემეს? კაი, დადგან, მაგრამ რა საჭიროა ამისთვის 90.000 ლარი? რა შედარებაა, მაგრამ ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის დადგმა სულ რაღაც 15.000 ლარი დაგვიჯდა. ეს ძეგლი 70-ტონიანი ქვისგან იქნა გამოთლილი. მე ამაყი ვარ, რომ ჩემი ინიციატივით დაიდგა საქართველოში თამარ მეფის პირველი ძეგლი.
ამხელა მეფის ძეგლი თუ 15.000-დან 20.000 ლარამდე დაჯდა, რა ბეჰემოტს დგამენ ამისთანას, 90.000 რომ ჯდება, გალაქტიკიდან ჩამოჰყავთ, ფრთები აქვს თუ ოქროსია? ესეც ფულის მახეა.
იმ ხელისუფლებისგან კარგს რას უნდა ელოდო, რომლის პარლამენტიც წითელ და მწვანე ღილაკებს ვერ არჩევს.
_ მწვანე და წითელი ღილაკების გარჩევა ასეთი ძნელია?
_ ამათთვის ძნელია. ესენი ხომ ესემეს ფლირტითა და ერთმანეთის ეროტიკული პასაჟებით არიან გართული.

 

შორენა მარსაგიშვილი

” ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშითათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში დავა მოუგო
შემდეგი სტატიაპრინცესა მატილდა მიურატის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა