რომან გოცირიძის მოსაზრებით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება ზემოქმედებას ვერ მოახდენს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, მთავრობამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სუბსიდირება ნიშნავს, რომ ქართულ ავიაკომპანიას ეუბნებიან, თუ რუს ტურისტს შემოიყვანს, 290 ლარს აჩუქებენ, მაშინ როდესაც შესაძლოა სხვა კომპანიას ბრიტანელი, ირლანდიელი ან ესპანელი ტურისტი შემოჰყავს, რომელიც მეტს დახარჯავს.

„ტურიზმის ის სექტორი რატომ უნდა დავასუბსიდიროთ, სადაც წელიწადში მილიონ 400 ათასი შემოდიოდა?! ეს წყალში წვეთია. სუბსიდირებით რუსების შემოყვანა იმ დანაკარგების კომპენსაცია ვერ იქნება, რაც რუსეთმა ავიამიმოსვლის აკრძალვის სახით მოახდინა. მგზავრების დიდი ნაწილი ერევნიდან შემოვლენ და ჩვეულებრივი მგზავრები იქნებიან, რომლებსაც სუბსიდირებული ბილეთები არ სჭირდებათ და ისინი ტურისტები არ იქნებიან. ტურისტ და არატურისტ მგზავრს ერთმანეთისგან ვერავინ გამიჯნავს, როცა ბილეთს იღებს“, – ამბობს გოცირიძე.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ცუდია, რომელი კომპანიაც არ უნდა იყოს, ეს იქნება ქართული თუ ამერიკული.

„ჩვენს ფულს ჩვენს უკითხავად ხარჯავენ. ხარჯავენ ფულს, რომელიც შეიძლება სხვა მიმართულებით დახარჯულიყო. საქართველოში ტურისტი ცხრა მილიონამდე ავიდა, შევარდნაძის დროს 400 ათასი ადამიანი შემოდიოდა და არავითარი სუბსიდირება არ მომხდარა. თუ პირობები და ინტერესი არსებობს, ტურისტი შემოვა. ეს არის კორუფციული ან სხვა სახის გარიგება, სხვანაირად ვერ აგვიხსნიან, ვინაიდან თავისი მასშტაბითაც კი, რუსეთიდან ტურისტების მოზიდვაზე ვერავითარ ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ტურისტის შემოტყუება ფანდებით, ეს ძალიან უაზრო მცდელობაა. ტურისტს ვერ შემოიტყუებ. ტურისტი საქართველოში შემოდიოდა, რადგან ხედავდა, რომ ლამაზი, კარგი, დემოკრატიული და მშვიდი ქვეყანა იყო. ამით საქართველოში ტურიზმი იზრდებოდა და არა რომელიმე ავიაკომპანიისათვის ფულის ჩუქებით, ტურისტების შემოსატყუებლად“, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაში„შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე,“ – ჟურნალისტი აქციას ხელისუფლების ზეწოლად განიხილავს
შემდეგი სტატიასაქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო – დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს